Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი გენერალი აცხადებს, რომ ომის საბოლოოდ დასრულებას მოლაპარაკებები დასჭირდება


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომს მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ მოიგებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ გამოცემა Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი ომის დასრულებას, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები სჭირდება.

გენერალ-მაიორ სკიბიცკის შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები რუსეთის ჯარებს თავის საზღვრებთან ბრძოლით დააბრუნებენ, რაც შორეული პერსპექტივაა, ეს ომს ვერ დაასრულებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თანახმად, ამჟამად ორივე მხარე იბრძვის რაც შეიძლება მომგებიანი პოზიციების მოსაპოვებლად პოტენციური მოლაპარაკებების წინ. ვადიმ სკიბიცკი მიიჩნევს, რომ შინაარსიანი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან, როცა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება შესაბამისი რესურსების ნაკლებობის გამო.

გენერალ-მაიორ სკიბიცკის პროგნოზითვე, მაისში რუსეთის არმია შეტევაზე გადავა უკრაინის აღმოსავლეთში და შემდეგ ძალებს გაზრდის ხარკოვის და სუმის ოლქებში. ვადიმ სკიბიცკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების პრობლემა იარაღის და კადრების ნაკლებობაა, აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების ფრონტის ხაზამდე მიღწევას კი არაერთი კვირა დასჭირდება.

სკიბიცკის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, თუმცა შედეგი დამოკიდებულია ევროპელ პარტნიორებზეც. სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნები არ გამოძებნიან უკრაინის დასახმარებლად იარაღის წარმოების გაზრდის საშუალებას, თავადაც გახდებიან რუსეთის სამიზნე.

15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის გლობალური სამიტი“, რომელზეც რუსეთი მიწვეული არ არის. უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასამდე ქვეყანა, ომის დასრულების შესაძლებლობებს და კიევის „მშვიდობის ფორმულას“ განიხილავენ. მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნება.

1 მაისს გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატების და კიევის მოკავშირეთა სრული კონსოლიდაციის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის ნოემბერში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს წარუდგინა 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც მოიცავს რადიაციულ, ბირთვულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლებას, გაეროს წესდების შესრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენას, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, სამართლიანობის დაბრუნებას, ეკოციდის აღკვეთას, ესკალაციის არდაშვებას და ომის დასრულების ფიქსაციას.

2023 წელს უკრაინის გეგმის განსახილველად შეხვედრები გაიმართა მალტასა და საუდის არაბეთში. რუსეთს, რომლისთვისაც უკრაინის გეგმა მიუღებელია, ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG