სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას 9 მაისს დაკავებული ბლოგერის, უჩა აბაშიძისა და მისი მხარდამჭერების მსვლელობისას დაკავებული შვიდი მოქალაქის შესახებ. განცხადებაში, რომელიც 10 მაისს გაავრცელა ომბუდსმენმა, ნათქვამია, რომ "სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე". სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში უჩა აბაშიძემ თქვა, რომ ძალოვნების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს ასევე დაკავებულთა ნაწილი.
სახალხო დამცველმა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის გამოძიების მოთხოვნით ინფორმაცია გადასცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ომბუდსმენი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უჩა აბაშიძის სახლის ჩხრეკის პროცესს არ ესწრებოდა ადვოკატი, რომლის შეშვებასაც დაკავებული ბლოგერი უშედეგოდ ითხოვდა.
"სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს9 მაისის ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა მას შემდეგ მოაწყვეს მსვლელობა, რაც რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, დააკავეს ბლოგერი, "აგენტების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე უჩა აბაშიძე. ჭავჭავაძეზე მსვლელობის მონაწილეები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ მის სახლთან, სანამ პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა - ამ პროცესის განმავლობაში უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. აბაშიძის უფლებადამცველი მხოლოდ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა მის საცხოვრებელ სახლში.
უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, გამოძიება დაწყებულია კიბერდანაშაულის მიმართულებითაც. უჩა აბაშიძე ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ ჭავჭავაძეზე მსვლელობისას, სავარაუდოდ, შვიდი ადამიანი დააკავეს - რა ვიცით მათზე