მოგვიანებით ადვოკატმა გიორგი მახარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უჩა აბაშიძე გადაიყვანეს ორთაჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში და მას ბრალად სდებენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, პოლიციელების სიტყვიერი განცხადებიდან იციან ის, რომ უჩა აბაშიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა დაწყებული.
დაკავებულის მეგობარი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ უჩა აბაშიძეს აქვს დრონის ნაწილები და ეარსოფტის იარაღი, მას გაფორმებული აქვს ტაბელური იარაღიც. თუთბერიძის თქმით, თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა, ის "პოლიციის მიერ იქნება ჩადებული."
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, უჩა აბაშიძის დაკავება სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ,
შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს
პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიებას უკავშირდება. თუმცა სამხედრო ბლოგერი ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის გამო დააკავეს.
შსს-ს განცხადებაში წერია, რომ თბილისში, ი. აბაშიძის N22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, გამოძიება კი "გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს."
უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია 9 მაისის გვიან საღამოს შევიდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეებიც. ისინი სკანდირებდნენ: "უჩა! უჩა!" პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ: "მონებო!"
ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა.
დაკავებამდე უჩა აბაშიძის სახლიდან გარკვეული ნივთები გაიტანეს.
უჩა აბაშიძე სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, მოლაშქრეა, youtube-ს არხზე აქვს თავისი პერსონალური ვლოგი, რომელსაც 7 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი, როგორც ბლოგერის, პოპულარობა გაიზარდა უკრაინის ომის შესახებ მასალების მომზადების შემდეგ.
უჩა აბაშიძე საქართველოს მმართველო პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "აგენტების კანონის" კრიტიკოსი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
9 მაისის დილას, 10 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება "საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" და გამოიკითხება ყველა ის პირი, "რომლებსაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან." ეს გამოძიება წარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
- 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება);
- 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა);
- 226-ე მუხლი ( ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.)
- 8 მაისს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე. ისევე როგორც 2023 წლის სექტემბერში, სუსი ლაპარაკობს „მაიდნის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე.
ფორუმი