პრეზიდენტი: ოპონენტების ცემა, დაშინება, რეპრესიები ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ მოქმედებებს. ამის შესახებ მან 9 მაისს რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.

"ჩვენ ვხედავთ ძალადობას. ძალადობა ერის ერთიანი სურვილის წინააღმდეგ, ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები... ამას არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან და ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები", - თქვა პრეზიდენტმა.

მისივე სიტყვებით, საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა - ერთი მხრივ, ესაა ევროპული მომავალი, მეორე მხრივ, ესაა რუსული იმპერიალისტური წარსული.

"სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებებს, სად ხედავენ მათ მომავალს. ესაა მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ესაა ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს, უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე! არასდროს დანებდე!" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

დაპატიჟების მიუხედავად, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, საქართველოს მთავრობის არცერთი წევრი არ მივიდა.

ასევე ნახეთ მთავრობა არ ესწრება ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
ასევე ნახეთ ევროკავშირის პრესმდივანი: მიუღებელია დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა
ასევე ნახეთ მარნეულში თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, გიორგი მუმლაძეს

9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.

მუმლაძე ერთადერთი არ არის, ვისაც ბოლო დღეებში დაესხნენ თავს. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიო შენგელიას.

ფიზიკური ანგარიშსწორების პარალელურად, თბილისში სიძულვილის კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა პოსტერები და წარწერები ჟურნალისტების და აქტივისტების სახლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან.