შს მინისტრი ამბობს, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 9 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, ვეტერანთა დასვენების და კულტურის პარკში, სადაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად.

გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქუჩაში ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე.

„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. ეხლა არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, სამწუხაროდ“, - უთხრა მედიას გომელაურმა.

ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ - ჩიქოვანი ნაცემია
ასევე ნახეთ თავს დაესხნენ „აგენტების კანონის“ კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს - გია ჯაფარიძეს

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი რა პასუხისმგებლობას გრძნობს, როცა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, სცემენ, ურეკავენ და ემუქრებიან და შეუძლია თუ არა კატეგორიულად დაგმოს მაინც, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ არავისზე ძალადობა არ მოსწონს, არც ოპოზიციონერებზე, არც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულზე, არც ჟურნალისტებზე და ყველანაირ თავდასხმას გმობს.

„თქვენ ოცნებობთ, რომ გადავდგეთ ჩვენც, მთავრობაც... გამოძიება დავიწყეთ. პასუხისმგებლობას? რა პასუხისმგებლობას?!“- უთხრა ჟურნალისტებს გომელაურმა. მან კრიტიკულად განწყობილ მედიას მიმართა, პასუხისმგებლობაზე მაშინ რატომ არ ჰკითხეს, როცა ტელეკომპანია Postv-ის ჟურნალისტზე თავდასხმა იყო. ეს ტელეარხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდამჭერია.

ასევე ნახეთ შსს: 8-9 მაისს აქციებში მონაწილე ექვსი პირი დავაკავეთ

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".

7 მაისს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წევრებს. 3 მაისს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

Your browser doesn’t support HTML5

კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს