მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის უცხო პირთა მიერ ნომრების მოპოვების საკითხს

ნომრები, რომლებიდანაც მოქალაქეებს ურეკავენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლიან რამდენად კანონიერად მოიპოვეს იმ მოქალაქეების მობილური ტელეფონების ნომრები, რომლებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან. „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს მეორე დღეა უცხო პირები ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, - წერია განცხადებაში.

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა გუშინ დაიწყეს. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ, რომ უცხო ქვეყნის სატელეფონო ნომრით დაუკავშირდა უცნობი, რომელმაც აგინა. დღეს იმავე ადამიანებთან დასარეკად საქართველოში რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები გამოიყენეს.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს დღესაც ურეკავენ, თუმცა უკვე ქართული ნომრებიდან
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება. აქციაზე სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.

ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს
ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.