ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „ძალზე კონფიდენციალური ფორმით“, ოფიციალური შეტყობინებების გარეშე, განსაზღვრა ორი ე.წ. წითელი ხაზი, რუსეთის მიერ რომელთა გადალახვასაც შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტში ნატოს პირდაპირი ჩარევა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ამის ფონია დასავლელი პოლიტიკოსების, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ნატოს სამხედროთა შესაძლო გაგზავნის თაობაზე.
როგორც La Repubblica წერს, ამჟამად ნატოს არ მოეპოვება არავითარი ოპერატიული გეგმა უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე. საქმე ეხება ამჟამინდელი კონფლიქტის გაფართოების ჰიპოთეზურ სცენარებს, რომლებმაც შესაძლოა დასავლელი მოკავშირეების ჩარევა მოითხოვოს.
ასევე ნახეთ მაკრონი: დასავლეთის ჯარები შეიძლება შევიდნენ უკრაინაში, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევსპირველი „წითელი ხაზი“, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, არის ომში ბელარუსის ჩართვა რუსეთის მხარეზე. კერძოდ, კიევზე ახალი იერიში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან. კონფლიქტში ნატოს ჰიპოთეზური მონაწილეობის მეორე ვარიანტია ნატოს რეაგირება რუსეთის სამხედრო პროვოკაციებზე ბალტიის ქვეყნების მიმართ ან მოლდოვაზე თავდასხმა. პუბლიკაციაში ლაპარაკია, რომ რუსეთმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ დასავლეთი საკუთარი შინაგანი პრობლემებით არის გართული, და სცადოს ამ სახელმწიფოების დესტაბილიზაცია. „მაგრამ ნატო არ მოისურვებს ასეთ აგრესიასთან შეგუებას“, ნათქვამია პუბლიკაციაში.
მასში ხაზგასმულია, რომ ნატო განასხვავებს რუსეთის ჯარების შეტევას, მაგალითად, დონბასში და, მაგალითად, კიევის ხელში ჩაგდების მიზნით სტრატეგიულ გარღვევას. უკანასკნელ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ნატოს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტში. ამაზევე ისაუბრა ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც დასავლელ ლიდერთაგან ადრე პირველმა დაიწყო ლაპარაკი უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე. მაკრონის თქმით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნაზე დაფიქრება აუცილებელი იქნება, თუკი რუსეთი ფრონტს გაარღვევს და თუკი შესაბამისი თხოვნა იქნება კიევის მხრიდან. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა კვირას CBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუკი დადგება დრო“, კიევი მადლობელი იქნება პარტნიორებისა, თუკი ისინი უკრაინაში ჯარების გაგზავნას გადაწყვეტენ. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უკრაინა პარტნიორებს მხოლოდ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას სთხოვს.
იტალიურ გამოცემას არ მოჰყავს თავისი პუბლიკაციის წყაროების ვინაობა. პუბლიკაციიდან არ შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ საქმე ეხება რაიმე დამტკიცებულ გემებს. თავად ნატოს წარმომადგენლები უკიდურესად ფრთხილად ლაპარაკობდნენ რუსეთთან კონფლიქტში ნატოს სამხედროთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის იტალიის თავდაცვის მინისტრიც, გამორიცხავენ ასეთ შესაძლებლობას, თუკი რუსეთი თავს არ დაესხმება უშუალოდ ნატოს წევრ ქვეყანას.
ასევე ნახეთ რუსეთი ჩაატარებს წვრთნას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებითორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად“. წვრთნას რუსეთი ასაბუთებს დასავლელი ლიდერების მუქარებით რუსეთის ფედერაციის მისამართით. რომელ პირებზეა ლაპარაკი, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული.