Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ჩაატარებს წვრთნას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით


მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემა "ისკანდერი". სანქტ-პეტერბურგი, 9 მაისი, 2023.
მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემა "ისკანდერი". სანქტ-პეტერბურგი, 9 მაისი, 2023.

რუსეთი უახლოეს ხანებში ჩაატარებს წვრთნას „არასტრატეგიული ბირთვული ძალების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად“. ამის შესახებ ლაპარაკია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ნათქვამია, რომ წვრთნის ჩატარების განკარგულება გაცემულია უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ. გენერალურმა შტაბმა დაიწყო მზადება წვრთნისთვის „სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებთან ერთად, ავიაციის, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალების მონაწილეობით“. როგორც ცნობაშია ნათქვამი, წვრთნის დროს „განხორციელდება არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა კომპლექსი“.

აღნიშნულია, რომ ასეთი იარაღის გამოყენებაში წვრთნა გაიმართება „რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობოდ უზრუნველსაყოფად, პასუხად ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარებზე რუსეთის ფედერაციის მისამართით“. რომელ პირებზეა ლაპარაკი, არ იტყობინებიან.

არასტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომელსაც ტაქტიკურსაც უწოდებენ, არის ბირთვული ჭურვები, რომელთა გადატანის საშუალებებად იყენებენ შედარებით მცირე რადიუსის რაკეტებს (ანუ არა სტრატეგიულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს). ისინი უფრო მცირე სიმძლავრისაა სტრატეგიულ იარაღთან შედარებით. კერძოდ, ტაქტიკური იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერზე“. ეს იარაღი ახლახან განათავსეს ბელარუსში. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთს ამგვარი შეიარაღების უდიდესი მარაგი აქვს მსოფლიოში. ბრძოლის ველზე ეს იარაღი არასოდეს გამოუყენებიათ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები შიშს გამოთქვამდნენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, კერძოდ - ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს, რომ მან პირველმა შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი „თავად სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შემთხვევაში“. რუსეთის სხვადასხვა ოფიციალური პირი ამ დებულებას ხსნიდა ისე, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის გაჩენის პირობებში. ოფიციალური მოსკოვი კი საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს რამდენიმე ოლქს, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული უკრაინის ტერიტორიებად. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებენ ბირთვული მუქარის გამო. ვლადიმირ პუტინს პირდაპირ არ გამოუთქვამს უკრაინის მიმართ ბირთვული მუქარა, მაგრამ არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის შემთხვევაში შესაძლებელია ბირთვული ომი.

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან 2022 წლის თებერვლიდან.

რა „მუქარებს“ შეიძლება გულისხმობდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, არ არის ნათელი. უკანასკნელ დღეებში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამონათქვამები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა. რუსეთმა გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონიც, რომელმაც დაუშვა უკრაინის დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG