- ქრისტე აღდგა!
- ჭეშმარიტად აღდგა!
ასე ულოცავენ ქრისტიანები ერთმანეთს აღდომას.
და რა დგას ამ რიტუალური მილოცვის უკან? რამდენად სჯერათ მორწმუნეებს საკუთარი სიტყვების? იესოს აღდგომა რწმენის კრიტერიუმია თუ იმედის პარადიგმა?
და თვით იესოს მოწაფეებმა როგორ აღიქვეს ამბავი იესოს აღდგომის შესახებ? იესოს აღდგომა რწმენის საზომი იყო თუ იმედის პარადიგმა? თუ იესოს აღდგომა მეტაფორა იყო მისი მოწაფეებისათვის? მეტაფორა იმდენად, რამდენადაც სიტყვები „ქრისტე აღდგა!“ სხვაგვარად აღწერდა პირდაპირი აღწერისათვის მიუწვდომელ რეალობას...
იოჰან სებასტიან ბახის სი მინორ მესაში, გლოვით შეპყრობილ „Crucifixus“ (ჯვარცმას) მოჰყვება „Et Resurrexit“ (და ის აღდგა) მხიარული ალეგრო.
სინამდვილეში მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა: იესოს ერთმა მოწაფემ უღალატა, მეორემ ის უარყო და ყველა დანარჩენი გაიქცა. და არც ერთს სჯეროდა, რომ აღდგა: „მაშინ ყველამ მიატოვა ის“, გვამცნობს მარკოზის სახარება.
იესოს მოწაფეები შეშინებული იყვნენ, რომ პილატე ან მღვდელმთავარი მათაც დასჯიდა და გასაკვირი არ არის მათი გაქცევა. მხოლოდ იესოს მიმდევარი რამდენიმე ქალი, უფრო მამაცი ვიდრე თერთმეტი, დარჩება იესოსთან ბოლომდე და ნახავს, როგორ დამარხავს იოსებ არიმათიელი ნაზარეველს. კვირადღეს კი, საფლავთან დაბრუნებულ ქალებს, საფლავი ცარიელი დახვდებათ.
თუმცა ცარიელი საფლავი ხომ არ გულისხმობდა ცალსახად იესოს აღდგომას? მით უმეტეს, რომ არც აღდგომის თვითმხილველი არსებობდა. ასე რომ, იქნებ იესოს სხეული მოპარულ იქნა მისი მიმდევრების მიერ? მათეს სახარება (მთ. XXVIII, 13) გადმოგვცემს, რომ ბევრს სჯეროდა ამ ვერსიის (სხვათა შორის, სახარებები არც იესოს აღდგომის პროცესს აღწერენ. პეტრეს აპოკრიფული სახარება იქნება პირველი, რომელიც აღწერს იესოს აღდგომის პროცესს).
აქ ნიშანდობლივია ერთი რამ: არც სახარებები, არც პავლე, ან სხვა რომელიმე წერილის ავტორი, არ საუბრობს მოწაფეების მიერ იესოს საფლავის თაყვანისცემის შესახებ. ეს მართლაც გასაოცარია, რადგან იუდაიზმში, მესიებისა და წინასწარმეტყველების გარდაცვალების ადგილის თაყვანისცემა უძველეს ტრადიციას წარმოადგენს. მხოლოდ რწმენა იესოს აღდგომაში არის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ უგულებელყოფდნენ იესოს დასაფლავების ადგილს მისი მოწაფეეები. ეს კი ირიბად მიგვანიშნებს, რომ ძალიან მალე, მეტაფორა „ცარიელ საფლავზე“ გახდება ახალი ტრადიციის დასაწყისი.
თუმცა, დასაწყისში ამ ტრადიციას - ცარიელი საფლავის აღდგომად განცხადებას - ფეხის ადგმა უჭირდა. თუ სახარებები აბსოლუტურად ერთსულოვანია - ესაა იმ დაბნეულობის და სასოწარკვეთის აღწერა, რომელიც იესოს აღდგომის ცნობამ გამოიწვია მის მოწაფეებში. სახარებები ხაზს უსვამს, რომ მოწაფეები არ ელოდნენ იესოს აღდგომას და არც მაშინ იჯერებდნენ, როცა სხვები ამცნობდნენ (ლუკ. XXIV, 11-12); უარესი - როდესაც იესო თერთმეტს გამოეცხადება, მოწაფეებს მაშინაც უჭირთ დაჯერება (იოან. XXI, 4). ზოგი მოწაფე ბოლომდე ეჭვის ამარა დარჩება (მთ. XXVIII,16-17).
კარავაჯოს ტილო „წმინდა თომას ურწმუნოება“ კარგად გადმოსცემს ამ მდგომარეობას: მკვდრეთით აღმდგარი იესო ხსნის ტუნიკას, იღებს თომას ხელს და ასინჯვინებს საკუთარ ჭრილობებს.
თვით აღდგომაში არაფერია, რაც უცხო იყო იუდეური რელიგიისათვის. მაშ რატომ იჩენდნენ უნდობლობას მოწაფეები? სახარებები ცალსახად მიგვანიშნებს, რომ იესო ქადაგებდა ღმერთის სასუფევლის სიახლოვეს, რომ იესოს არსებობა იყო ღმერთის სასუფევლის მოსვლის საწინდარი. და აი, იესო მოკლულ იქნა და სასუფეველი კი არ დგებოდა. მესიანური ციებ-ცხელებით შეპყრობილი მოწაფეები მოწმენი გახდებიან, რომ იესოს სიკვდილი ჩაივლის ყოველგვარი ცვლილების გარეშე: არანაირი ნიშანი ღმერთის ნების ჩარევისა არ ჩანდა.
„რას ნიშნავდა იესოს სიკვდილი? ამ აქტით რა უნდოდ ეთქვა ღმერთს? როგორ გამოხატა ღმერთმა საკუთარი ნება? სად არის ნიშანი ღვთის სასუფევლის დადგომისა? ღვთის სასუფევლის დადგომა გვიანდება? თუ იესო ცრუ მესია იყო?“ - სავარაუდოდ ასეთი კითხვების დასმით დაიწყებენ იესოს მოწაფეები თავს დამტყდარ კატასტროფაზე პასუხის ძებნას.
და აი, იესოს ჯვარცმიდან გადის სულ რაღაც 20-25 წელი და, პავლე მოციქულის ეპისტოლეებში, ახალი აღთქმის ამ ყველაზე ადრეულ ნაწერებში, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პასუხი; და ეს პასუხი უკვე ტრადიციად იქცა ქრისტიანულ თემში: რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თავად მივიღე: რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, და რომ დაიმარხა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა. (...) ხოლო თუ ქრისტე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგი თქვენგანი, რომ არ არის აღდგომა მკვდართა? თუ არ არის მკვდართა აღდგომა, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და ამაოა თქვენი რწმენაც. ეგეც არ იყოს, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთის წინაშე, რადგან ვმოწმობთ, რომ აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. (...) ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, და იქმნა პირმშო განსვენებულთა. ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე - აღდგომა მკვდართა. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. ხოლო თითოეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე, შემდეგ კი ქრისტესნი, მისი მოსვლისას. (1 კორ. XV. 3-4, 12-17, 20-23).
პავლე მოციქულის სიტყვები მოწმობს, რომ რწმენის ფორმულა - ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, და რომ დაიმარხა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა - უკვე ქრისტიანული თემის საყოველთაო რწმენის კრიტერიუმად იქცა.
თარსუსელი მოციქულის ეპისტოლეები ასევე ნათლად გვაჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია რწმენა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამი და საყოველთაო აღდგომა მოახლოვებულია: რომ. IV, 24; VIII, 11. 1კორ. VI, 14. 2კორ. IV. 14, და აშ. საოცარია, რომ ეს მოლოდინი საბოლოო დასასრულისა, კვანძის გახსნისა, გვირგვინდება კორინთელთა პირველ წერილში არამეული მოწოდებით „მარან ათა“, რაც ნიშნავს „უფალო მოდი“ (1კორ. XVI.22). ის, რომ ეს არამეული მოწოდება იმდენად კარგად იყო დამკვიდრებული ბერძნულენოვან კორინთოს ეკლესიაში, რომ მას არამეულად იმეორებდნენ და პავლეს თარგმანი არ დასჭირდა, მეტყველებს იმ ესქატოლოგიურ ციებ-ცხელებაზე, რომლითაც იესო ნაზარეველის მიმდევრები იყვნენ შეპყრობილი (მოწოდებას „მარან ათა“ იმეორებს ასევე იოანე ღვთისმეტყველი - გამოცხ. XXII, 20).
„ცარიელი საფლავის“ მეტაფორიზაცია „ქრისტეს აღდგომაში“ და შემდეგ მისი რწმენის ფორმულად ქცევა, საშუალებას მისცემს იესოს მოწაფეებს, თავზე დამტყდარი მძიმე რეალობა ახლებურად გაეაზრებინათ, იესოს ჯვარცმის შედეგად დაკარგული ესქატოლოგიური იმედი აღედგინათ, რათა მომავლისათვის იმედის თვალით ემზერათ. ამგვარად, „ქრისტეს აღდგომა“, როგორც მეტაფორა, იქცევა არა მარტო იმედის პარადიგმად, არამედ რწმენის კრიტერიუმად.
ამიერიდან, ბახისეული ხედვა - როცა გლოვით შეპყრობილი „Crucifixus“ გადადის „Et Resurrexit“-ის მხიარულ ალეგროში - გამართლებული იყო!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.
ასევე ნახეთ იუდაასევე ნახეთ იესოს მოლოდინში