ბაიდენი გამოდის დაპატიმრებული ჟურნალისტების, მათ შორის, ალსუ კურმაშევას გათავისუფლების მოწოდებით

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა მოწოდებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ - მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) კორესპონდენტის, ალსუ კურმაშევასი და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის, რომლებიც რუსეთში დააპატიმრეს და რომელთათვის წაყენებულ ბრალდებებსაც თავაც ჟურნალისტები, მათი დამქირავებლები და მხარდამჭერები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

"ჟურნალისტიკა დანაშაული არ უნდა იყოს, არსად დედამიწაზე", - ამბობს ბაიდენი 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. "რუსეთში პატიმრობაში არიან ამერიკელი ჟურნალისტები, ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, რაც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან Wall Street Journal-სა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

კურმაშოვა - პრაღაში დაფუძნებული ჟურნალისტი, ორმაგი, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეობით - 18 ოქტომბრის შემდეგაა პატიმრობაში რუსეთში, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის დარღვევის ბრალდებით. კრიტიკოსების და უფლებადამცველების თქმით, ამ კანონს კრემლი იყენებს კრიტიკული ხმების ჩასახშობად. 47 წლის კურმაშევას ასევე წაყენებული აქვს რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც მას 10 წლამდე ემუქრება პატიმრობა. RFE/RL და აშშ-ის მთავრობა აცხადებენ, რომ კურმაშევასთვის წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს შურისძიებას მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

გერშკოვიჩი მარტის შემდეგაა პატიმრობაში, ჯაშუშობის ბრალდებით - რასაც თავად ჟურნალისტიც და მისი გამოცემაც გადაჭრით უარყოფენ და აცხადებენ, რომ 32 წლის ჟურნალისტი უბრალოდ თავის სამუშაოს ასრულდებდა, როგორც აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტი, როცა დააპატიმრეს.

ასევე ნახეთ ალსუ კურმაშევა ყაზანის ციხიდან: "მინდა აქედან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდე"