Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალსუ კურმაშევა ყაზანის ციხიდან: "მინდა აქედან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდე"


ალსუ კურმაშევა
ალსუ კურმაშევა

ხუთშაბათს, 18 აპრილს, შესრულდება ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი, ალსუ კურმაშოვა ციხეში სასჯელს იხდის თავისი ჟურნალისტური სამუშაოსთვის - რასაც მისთვის წინა 25 წელიწადის განმავლობაში დაფასება და პატივისცემა მოჰქონდა.

ხუთშაბათს, 18 აპრილს, შესრულდება ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი, ალსუ კურმაშოვა ციხეში სასჯელს იხდის თავისი ჟურნალისტური სამუშაოსთვის - რასაც მისთვის წინა 25 წელიწადის განმავლობაში დაფასება და პატივისცემა მოჰქონდა. აპრილის დასაწყისში ყაზანის სასამართლომ მას მორიგ ჯერზე გაუგრძელა პატიმრობის ვადა, 5 ივნისამდე. თათრულენოვანმა გაზეთმა "Безнең гәҗит" აპრილის ნომერში გამოაქვეყნა ალსუ კურმაშევას წერილი, რომელშიც ჟურნალისტი ციხეში თავის ყოფას აღწერს.

"12 მარტი. უკვე ძილის დროა. აქ საათები არ არის, მაგრამ დაახლოებით მაინც იცი, რომელიც საათია" - წერს ალსუ.

წერილის დაწერის პერიოდში კურმაშევა უკვე თითქმის ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ყაზანის ნომერ მეორე საგამოძიებო იზოლატორში. "არ ჩანს არც ბოლო, არც ნაპირი" - წერს ის.

"მას შემდეგ, რაც ყაზანში დავბრუნდი ჩემს ხანდაზმულ დედასთან და ავადმყოფ ძმასთან, 10 თვე გავიდა. ამ დროის ნახევარი სახლში გავატარე, ნათესავებთან, მათ ვეხმარებოდი, თუმცა არ მქონდა სადმე გამგზავრების უფლება. გასული წლის 18 ოქტომბრიდან ციხეში მომათავსეს ბრალდებებით, რომლებიც ჯერაც არ მილაგდება თავში" - ყვება ალსუ კურმაშევა.

კურმაშევას რუსეთის სისხლის სამართლის ორი მუხლით ედება ბრალი - "რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევაში შესაბამის ორგანოში წარმოედგინა დოკუმენტები, რომლებიც უცხოეთის აგენტების რეესტრში შესაყვანად იყო აუცილებელი" და "პოლიტიკური სიძულვილის მოტივაციით არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებაში".

ჟურნალისტი ყვება, რომ ის 25 წლის განმავლობაში რეგულარულად იღებდა სამადლობელ შეტყობინებებს თათართა კონგრესისგან, თავისი საგანმანათლებლო მუშაობის გამო. ის პრაღიდან ყაზანში ჩადიოდა "საპატიო სტუმრად და მონაწილეობდა თათარი ქალების ყრილობებში".

"ერთ წამში ეს ყველაფერი დანაშაულად გადაიქცა. უფალს შევთხოვ ამ სიტუაციის უსწრაფეს და საუკეთესო გადაწყვეტას ჩემთვის".

ყაზანის სასამართლოში 1 აპრილს გამართულ სხდომაზე ალსუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას "დაუმძიმდა გარკვეული დიაგნოზები" და იგი თავს "არც თუ კარგად გრძნობს ფიზიკურად, საყოფაცხოვრებო პირობები ძალიან ცუდია".

"მე არ მაქვს საშუალება თვალი ვადევნო ჩემს ჯანმრთელობას" - თქვა ალსუმ. კითხვას, უწევენ თუ არა მას სამედიცინო დახმარებას, ალსუმ უპასუხა - "მინიმალურად".

  • ალსუ კურმაშევას ორი ქვეყნის, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. დაპატიმრებამდე იგი პრაღაში ცხოვრობდა ქმართან და შვილებთან ერთად. გასული წლის მაისის ბოლოს ალსუ მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა, ავადმყოფი დედის მოსანახულებლად.
  • 2023 წლის 2 ივნისს, გამოფრენის წინ ალსუ ყაზანის აეროპორტში დააპატიმრეს და ჩამოართვეს ამერიკული და რუსული პასპორტები. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მეორე მოქალაქეობის შეუტყობინებლობის გამო და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. ამ საქმის გამოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდა, ბოლოს - ოქტომბერში - ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 10 000 რუბლით დააჯარიმა.
  • ამის შემდეგ, გასული წლის 18 ოქტომბერს ალსუ კურმაშევა კვლავ დააკავეს და პირველი ბრალდება წარუდგინეს - "დარღვევა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებისა შესაბამის ორგანოში წარმოედგინა დოკუმენტები, რომლებიც უცხოეთის აგენტების რეესტრში შესაყვანად იყო აუცილებელი". სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. კიდევ თვენახევრის შემდეგ - 2023 წლის 11 დეკემბერს - გამოძიებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა არმიის შესახებ "ფეიკი", ანუ ყალბი ცნობების გავრცელების შესახებ.
  • ალსუ კურმაშევას დაპატიმრება დაგმო ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ. 2023 წლის ნოემბერში ორგანიზაციებმა "რეპორტიორები უსაზღვრებოდ", "ჟურნალისტ ქალთა კოალიცია" , ეროვნულმა პრეს-კლუბმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და კიდევ 10-მა გაერთიანებამ მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და მოუწოდეს დაეჩქარებინა პროცესი ალსუ კურმაშევასთვის "არამართებულად დაკავებულის" სტატუსის შეფარდების პროცესი.
  • სახელმწიფო დეპარტამენტი "უზარმაზარ ყურადღებას" უთმობს ალსუ კურმაშევას საქმეს - ამ განცხადებით 18 იანვარს გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი. ის, რომ საგარეო უწყებას ჟურნალისტი ჯერ არ უღიარებია "არამართებულად დაკავებულად" არ ნიშნავს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას ძალისხმევა არ ხმარდება - თქვა მილერმა.
  • 2023 წლის 30 ნოემბერს პროექტმა "პოლიტპატიმართა მხარდაჭერა. მემორიალი" ალსუ კურმაშევა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.
  • 2 აპრილს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გააკრიტიკა ალსუ კურმაშევას პატიმრობის გახანგრძლივება.

XS
SM
MD
LG