გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, აქციაზე დაშავებულ რვა ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია

რუსთაველის გამზირზე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანებს პერიოდულად აკითხავენ აქციის დაშავებული მონაწილეები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით,1 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ რვა ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან.

„დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა.

ასევე ნახეთ შსს: „რა იცით, რომ პოლიციელები ისროდნენ?“ - რეზინის ტყვიები აქციაზე. რვა ამბავი

რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კუთხის მხარეს პარლამენტის ეზოში მყოფმა პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ წლის ჭავლის, ცეცხლმაქრი ქაფისა და "წიწაკის სპრეის" გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 22:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.