საია მოუწოდებს შსს-ს, უარი თქვას ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან. პირველი მაისი, 2024 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმაურება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენებას. 

ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე;

ასევე მოუწოდებს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

საია განმარტავს, რომ აქციაზე სპეციალურ საშუალებათა უკანონო გამოყენების პრაქტიკიდან განსაკუთრებით საგანგაშოა:

"რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე;

ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის შემთხვევაში ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს".

პარალელურად, ბრიფინგი გამართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რომელმაც დემონსტრანტები ძალადობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თუკი ისინი „ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, თავი შეიკავეთ ძალადობისგან, დემონსტრანტებმა შეწყვიტონ თავდასხმა და ინფრასტრუქტურის დაზიანება“, - განაცხადა დარახველიძემ შუაღამისას გამართულ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ თუ ძალადობას არ შეწყვეტენ, იძულებული ვიქნებით, დავშალოთ აქცია - მინისტრის მოადგილე

მისი განცხადებით, პოლიცია „პარლამენტზე თავდასხმის მოსაგერიებლად“ იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და „წიწაკის სპრეის“. მისივე მტკიცებით, პოლიციას არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.

ამასთან, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - "ტვ პირველის" კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო. დაშავებული მოქალაქე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი.

ასევე ნახეთ აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული

რუსთაველზე აქციის დარბევა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ ყველა სპეციალური საპოლიციო საშუალება.