Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული


მოქალაქე დაზიანებული თვალით ჩანს "ტვ პირველის: კადრში.
მოქალაქე დაზიანებული თვალით ჩანს "ტვ პირველის: კადრში.

თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - "ტვ პირველის" კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო - კადრებში, რომლებსაც მედია ავრცელებს, ის "კინო რუსთაველის" შენობის წინ ჩანს და აქციის სხვა მონაწილეებს, სავარაუდოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟთან მიჰყავთ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე "ნიუ ჰოსპიტალსში" წაიყვანეს სამედიცინო დახმარების მისაღებად. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას კვლევები უტარდება და მდგომარეობის სიმძიმის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით დააზუსტებენ.

"ნიუ ჰოსპიტალსში" თვალდაზიანებული მოქალაქის გარდა, გადაყვანილია კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია - მას სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული.

რადიო თავისუფლება ცდილობს დაშავებულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურთან. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კუთხის მხარეს პარლამენტის ეზოში მყოფმა პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ წლის ჭავლის, ცეცხლმაქრი ქაფისა და "წიწაკის სპრეის" გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 22:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ საპოლიციო სპეციალური საშუალებები: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ, დახშულია კომუნიკაციებიც - ტელეფონის და ინტერნეტის სიგნალი სუსტია, თითქმის შეუძლებელია პირდაპირი ეთერის ჩასართავად საჭირო ტექნიკის გამოყენებაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG