Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს"

საერთაშორისო ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.

1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის წევრები დაეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობამ საქართველოს პოლიციას მიმართა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ. კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.

„ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - წერია Anonymous-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებულ მიმართვაში.

ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფი მიმართავს „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიასაც“ – „გახსოვდეთ, საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება. გველოდეთ.“

საერთაშორისო ქსელის, Anonymous-ის(ანონიმების) წევრები, რომლებიც თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ, აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.

„ანონიმებს” მიაწერენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობაზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას. მათ გაუთიშავთ აშშ-ის, ისრაელის, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების და კორპორაციების, PayPal-ი, MasterCard-ი, Visa-ს და Sony-ს საიტები.

Anonymous-ი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჰაკერთა მოძრაობამ პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის სახელმწიფო უწყებების და მედიის საიტებზე განხორციელებულ არაერთ კიბერშეტევაზე.

ასევე ნახეთ კიდევ რომელი რუსული საიტი გავთიშოთ? - Anonymous-ი პუტინის წინააღმდეგ

დღეს, 1 მაისს, Anonymous-მა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზეც. ჰაკერი აქტივისტების მოძრაობა კანონპროექტს უწოდებს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც ემუქრება თავისუფლებას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

Anonymous-ი პარალელებს ავლებს სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გამოყენებულ რეპრესიულ ზომებთან და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება იქნება დარტყმა საქართველოს დემოკრატიაზე და ღალატი მისი მოქალაქეების ოცნებისა, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

Anonymous-ის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანონპროექტს გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი აქვს და მიზნად ისახავს მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას და განსხვავებული აზრის და პრესის თავისუფლების ჩახშობას.

ჰაკერი აქტივისტების მოძრაობა აცხადებს, რომ ხალხის პროტესტზე მთავრობის რეაქცია და სპეცრაზმების გამოყენება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ სურს, ყური დაუგდოს თავისი მოქალაქეების მოწოდებებს. Anonymous-ის თანახმად, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მოქალაქეების დემოკრატიულ უფლებებს, მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დამოუკიდებლობას და იცავს გამოხატვის თავისუფლებას.

Anonymous-ი გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს და სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც იბრძვის საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის: „ხალხმა თქვა: არა რუსულ კანონს!“

ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ასევე ნახეთ "გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება" - პრეზიდენტი აქციის დარბევაზე
ასევე ნახეთ სახალხო დამცველმა კლინიკაში ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე მოინახულა

„ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმება და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ასევე ნახეთ გლობალური ომის პარტია, სუვერენიტეტი, მეორე ფრონტი, აგენტურა - ივანიშვილის გამოსვლა კონტრაქციაზე და შეფასებები

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელ ვარიანტს შარშანდლისგან ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.