Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ რომელი რუსული საიტი გავთიშოთ? - Anonymous-ი პუტინის წინააღმდეგ


“ანომიმების” მტკიცებით, მათი მიზანია, ებრძოლონ უსამართლობას, “დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და “მისცენ ხმა უხმოებს”.
“ანომიმების” მტკიცებით, მათი მიზანია, ებრძოლონ უსამართლობას, “დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და “მისცენ ხმა უხმოებს”.

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის, „გაზპრომის“ ვებგვერდი გათიშულია. მედიაკორპორაცია Russia Today-ის საიტი კი თითქმის ერთი დღე არ მუშაობდა. ჰაკერული დაჯგუფება „Anonymous”-ი ამტკიცებს, რომ ეს მისი დამსახურებაა. 24 თებერვალს ჰაკერებმა კრემლს „კიბერომი” გამოუცხადეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი „იცავენ სუსტებს ძლიერებისგან”.

„უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც შეიჭრა ფაშისტური დიქტატურა. ეს არაა ნატოსა და რუსეთის ბრძოლა, ეს დემოკრატიის და ფაშიზმის ბრძოლაა”, - დაპოსტეს დღეს საკუთარ ტვიტერზე ჰაკერებმა, რომლებიც თავს „Anonymous”-ს (ანონიმებს) უწოდებენ.

25 თებერვალს, ღამის ორ საათზე, მათ რუსეთს „კიბერომი” გამოუცხადეს და პირობა დადეს, რომ „დაარტყამენ” რუსეთის ხელისუფლებას.

ნახევარ საათში კი დაწერეს, რომ გათიშეს რუსეთის სამთავრობო მედიაკორპორაციის, Russia Today-ს საიტი. საიტმა მუშაობა მხოლოდ საღამოს 8 საათისკენ განაახლა.

ცოტა ხანშივე გავრცელდა ცნობა, რომ გაითიშა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი. სხვადასხვა მედიასაშუალებამ ესეც „ანონიმებს” მიაწერა.

ამ დროისთვის საიტი მუშაობს. ოღონდ მასზე ვერ შეხვალთ ქართული, უკრაინული, ამერიკული თუ ევროპული სერვერებიდან. მაგრამ საიტი ხელმისაწვდომია რუსული, ბელარუსული, თურქმენული და ტაჯიკური სერვერებისთვის.

სამაგიეროდ, გაითიშა სახელმწიფო ნავთობკორპორაცია „გაზპრომის“ ვებგვერდი.

"კიდევ რომელი რუსული სახელისუფლებო საიტი გავთიშოთ? მე ათს გავთიშავ. ჩვენი სახელი ლეგიონია." - წერენ ჰაკერები ტვიტერზე
"კიდევ რომელი რუსული სახელისუფლებო საიტი გავთიშოთ? მე ათს გავთიშავ. ჩვენი სახელი ლეგიონია." - წერენ ჰაკერები ტვიტერზე

რუსეთში „ანონიმებისგან“ მომდინარე საფრთხეს უკვე უწოდეს „კრიტიკული”. RT-ის ტელეგრამ-არხმა კი დაწერა, რომ მათზე მასობრივი DDoS შეტევა მიიტანეს.

DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება.

რატომ Russia Today?

2005 წელს შექმნილი RT მაუწყებლობს სატელევიზიო სიხშირეებსა და ინტერნეტში ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, არაბულ და რუსულ ენებზე.

საინფორმაციო ომი რუსული ჰიბრიდული ტაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. RT კი საკვანძო ელემენტია კრემლის პროპაგანდის ეკოსისტემაში. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზია ავრცელებს ყალბ ამბებს, შეთქმულების თეორიებს და ამახინჯებს ფაქტებს მოსკოვის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.

ტელევიზიამ სიმართლის დამახინჯებას განსაკუთრებით მოუხშირა ჯერ 2008 წელს, საქართველოსთან ომის დროს, შემდეგ კი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს.

აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ RT-ს „პროპაგანდის რუპორი” უწოდა. მისი თქმით, არხის მიზანია „გაავრცელოს პრეზიდენტ პუტინის ფანტაზიები” უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც დაფუძნებული იყო RT-ის 23 ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტის ანონიმურ ინტერვიუზე.

ჟურნალისტების თქმით, რედაქტორები ხშირად აიძულებდნენ ამა თუ იმ ფაქტების ამოღებას, რაც ხშირად მთელი ამბის შინაარს ცვლიდა. გარდა ამისა, ისინი მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ ყალბ ამბებს. მაშინაც კი, როდესაც იცოდნენ, რომ რასაც ჰყვებიან, სინამდვილეში არ მომხდარა.

მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პირველად სწორედ საქართველოსთან ომის დროს დაინახა, რომ შეუძლია აქციოს ტელევიზია იარაღად, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.

საქართველოსთან ომის გაშუქებამ „აჩვენა მისი [ტელევიზიის] ნამდვილი სახე სამყაროს, როცა ის ავრცელებდა ტყუილებს გენოციდის შესახებ. ყველასთვის, ვინც უყურებდა, გასაგები გახდა, რომ ეს პროპაგანდის მანქანა იყო”, - თქვა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

სხვადასხვა დროს RT დაუჯარიმებიათ ევროპელ მარეგულირებლებს. მაგალითად, 2019 წელს დიდმა ბრიტანეთმა 200 ათასი გირვანქით დააჯარიმა გრუ-ს ყოფილი აგენტის, იგორ სკრიპალის მოწამვლის „ცალმხრივი გაშუქებისთვის”. თებერვლის დასაწყისში კი გერმანიაში შეუჩერეს მაუწყებლობა ლიცენზიის არქონისთვის. იქამდე იუტუბმა დაბლოკა RT-ის გერმანულენოვანი არხი „კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო”.

ვინ არიან „ანონიმები“?

ჰაკერული დაჯგუფება „ანონიმების” წევრები აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავიანთ თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ. მათი მტკიცებით, თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა თუ ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.

„ანონიმებს” მიაწერენ მსოფლიოს მთავრობებზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას. მათ გაუთიშავთ აშშ-ის, ისრაელის, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების საიტები. კორპორაციებს შორის კი „აზარალეს” PayPal-ი, MasterCard-ი, Visa და Sony.

2013 წელს ამხილეს ინტერნეტში საბავშვო პედოფილიის გამავრცელებლები, შარშან ნოემბერში კი გატეხეს ამერიკული რასისტული ორგანიზაცია „კუ კლუქს კლანის” ტვიტერის ანგარიში.

მოძრაობის სიმბოლოა მე-16 საუკუნეში მცხოვრები ინლისელი რევოლუციონერის, გაი ფოქსის ნიღაბი. ამ უკანასკნელმა პოპკულტურაში „შემოაღწია” ალან მურის კომიქსის “V for Vendetta”-სა და ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმის წყალობით.

„ანომიმების” მტკიცებით, მათი მიზანია ებრძოლონ უსამართლობას, „დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და „მისცენ ხმა უხმოებს”. თუმცა ამ სულისკვეთებას არ იზიარებენ მსოფლიო ხელისუფლებები. წლების განმავლობაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ნიდერლანდსა და თურქეთში ათეულობით „ანონიმი” დააკავეს.

***

ამასობაში, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთზე კიბერთავდასხმა აშშ-მაც დაიწყოს. NBC News-ი აშშ-ის დაზვერვის ორ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი განიხილავს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე დენის გათიშვას, ინტერნეტკავშირისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხებას, რათა ხელი შეუშალოს კრემლს ჯარების მომარაგებაში.

ვლადიმირ პუტინი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG