სახალხო დამცველმა კლინიკაში ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე მოინახულა

ფოტოკოლაჟი: ლევან იოსელიანი, ლევან ხაბეიშვილი, სოფო ჯაფარიძე

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოინახულა. ორივე მათგანი ამბობს, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უწყების კომპეტენციაა, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე.

ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი.

ლევან ხაბეიშვილის გარდა, აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცემია კიდევ ერთი დეპუტატი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს
ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა

დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. საქართველოს სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დაშლა დაიწყო.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: აქცია მშვიდობიანია და არ არსებობს მისი შეწყვეტის საფუძველი 

30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.