პოლიციამ აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მომხრეთა და ღაზაში ომის მიმართ საპროტესტო ბანაკები დაშალა და 200-მდე პირი დააკავა

პოლიცია აკავებს პალესტინის მომხრე სტუდენტებს და ღაზაში ომის მოწინააღმდეგეებს. 22 აპრილი, 2024 წელი. აშშ-ის პოლიციამ სამ უნივერსიტეტში დაშალა საპროტესტო ბანაკები და 200-მდე პირი დააკავა

აშშ-ის სამ უნივერსიტეტში პოლიციამ დააკავა 200-მდე პირი, როცა პალესტინის მომხრეთა ბანაკები დაშალა. ეს იყო უკანასკნელი დაპირისპირება კამპუსში, რაც მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმართ საპროტესტო გამოსვლებს.

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბოსტონში პოლიციამ ასი პირი დააკავა ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში ბანაკის გაწმენდის დროს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობიან უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს გაჰქონდათ კარვები და მათ ავტომანქანაზე ტვირთავდნენ.

უნივერსიტეტის განცხადებით, რომელიც მის მედიაპლატფორმაზე, X-ის საშუალებით გავრცელდა, ეს ზომები მიიღეს მას მერე, რაც აქციის მონაწილეები გაიძახოდნენ ანტისემიტურ ლოზუნგებს.

არიზონის შტატის უნივერსიტეტში პოლიციამ დააკავა 69 პირი მას მერე, რაც ისინი უკანონოდ შეიჭრნენ ტერიტორიაზე და გაშალეს “არასანქცირებული ბანაკი”. აშშ-ის ცენტრში, ინდიანის შტატის უნივერსიტეტში პოლიციამ დააკავა 23 პირი, როცა საპროტესტო ბანაკს წმენდდა - იტყობინება Indiana Daily Student-ი. პოლიციელები ფარებით, ხელჯოხებით და არეულობასთან ბრძოლის სხვა საშუალებებით აღჭურვილი შეიჭრნენ საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიგებში, რომლებიც ხელებით ეჭიდებოდნენ ერთმანეთს და ადგილიდან არ იძვროდნენ, წერს გაზეთი.

აქტივისტები მოითხოვენ ისრაელის და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შორის ომის შეწყვეტას, ასევე მათი სასწავლებლების კავშირის გაწყვეტას იმ კომპანიებთან, რომლებიც მათი აზრით, სარგებელს იღებენ ამ კონფლიქტიდან.

ომის შეწყვეტის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლები სერიოზულ პრობლემად იქცა უნივერსიტეტებისთვის, რადგან მათ უნდა მოძებნონ ბალანსი სიტყვის თავისუფლების ვალდებულებასა და იმით უკმაყოფილებას შორის, რომ დემონსტრაციებზე ანტისემიტური ლოზუნგები ისმის და ხდება სიძულვილისკენ წაქეზება.

ბოლო დღეებში აშშ-ის პოლიცია მასშტაბურ დაკავებას მიმართავს, იყენებს ქიმიურ საშუალებებს და ელექტროშოკს დემონსტრანტების დასაშლელად, - იტყობინება „ფრანსპრესის“ სააგენტო. ათეულობით სტუდენტი დარჩა შაბათს პენსილვანიის უნივერსიტეტში მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯის ხელმძღვანელობამ მათ დაშლისკენ მოუწოდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო საპროტესტო აქციები, შედარებით სიმშვიდეა. პარასკევს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პოლიციას კამპუსში აღარ გამოიძახებს მას მერე, რაც გასულ კვირაში 100-მდე პირი დააკავეს.

კალიფორნიის სახელმწიფო - ჰუმბოლდტის სახელობის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კამპუსი დაიხურა სემესტრის ბოლომდე და სწავლა და მუშაობა დისტანციურად მიმდინარეობს მას მერე, რაც საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს დახურულ შენობებში შესვლა. კანადაში სტუდენტთა საპროტესტო პირველი ბანაკი მაკჰილის უნივერსიტეტში გაშალეს. მონრეალის სასწავლო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ ამგვარი ბანაკების მოწყობა არ არის დაშვებული და ისინი „ხელს უწყობს ესკალაციას და კონფრონტაციას, როგორც ეს ვნახეთ აშშ-ის ზოგიერთ უნივერსიტეტში“.

შარშან 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის შეჭრას, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 250-მდე პირი მძევლად აიყვანეს, მოჰყვა ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაცია ჰამასის განადგურების მიზნით. თითქმის შვიდთვიანი ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 ათასს გადააჭარბა, განადგურდა ღაზის სექტორის ინფრასტრუქტურა, დანგრეულია საავადმყოფოები და სკოლები, ასევე საცხოვრებელი სახლები.

საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ ღაზაში, ხოლო ჰამასისგან მოითხოვენ მძევლების განთავისუფლებას. მოლაპარაკება ამის გარშემო ერთი პერიოდი შეფერხდა და ბოლო დღეებში კვლავ განახლდა.

ასევე ნახეთ პარიზში პალესტინის მხარდამჭერმა სტუდენტებმა ინსტიტუტის ყველა შესასვლელი დაბლოკეს
ასევე ნახეთ აშშ-ის უნივერსიტეტები პალესტინელთა მხარდამჭერმა აქციებმა მოიცვა