Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უნივერსიტეტები პალესტინელთა მხარდამჭერმა აქციებმა მოიცვა


პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია კოლუმბიის უნივერსიტეტის წინ. ნიუ-იორკი, 20 აპრილი, 2024.
პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია კოლუმბიის უნივერსიტეტის წინ. ნიუ-იორკი, 20 აპრილი, 2024.

აშშ-ის უნივერსიტეტებში ზომებს მიმართავენ ღაზაში ომის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ. ცდილობენ ზღვარი გაავლონ სიტყვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის.

ორშაბათს, 22 აპრილს იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საპროტესტო გამოსვლების დაახლოებით 45 მონაწილე დააკავეს კამპუსში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით. ყველანი გაათავისუფლეს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებით. პარასკევს დემონსტრანტებმა კამპუსის ტერიტორიაზე კარვები დადგეს და მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში მართავდნენ აქციას. ისინი იელისგან ითხოვდნენ ინვესტიციების შეწყვეტას იმ თავდაცვით კომპანიებში, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ ისრაელთან. აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვებისკენ.

არიან დაკავებულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კამპუსშიც. სტუდენტებმა იქ ბანაკი დასცეს და 22 აპრილს ის საპროტესტო აქციის ასობით მონაწილემდე გაიზარდა. უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს, ხოლო როცა კამპუსში დაიწყო არეულობა - „მუქარის შემცველი ლოზუნგები და ანტისემიტური ინციდენტები“, პოლიცია გამოიძახეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტმა, რომლის ტერიტორიაზეც და მის ფარგლებს გარეთაც იყო საპროტესტო გამოსვლები, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა, „რათა შეემცირებინა ვნებათაღელვა და ყველასთვის მიეცა შემდგომი ნაბიჯების გააზრების საშუალება“. გასულ კვირაში უნივერსიტეტის კამპუსში დააპატიმრეს პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლების ასზე მეტი მონაწილე, რომლებმაც კარვების ბანაკი მოაწყვეს მის ტერიტორიაზე.

ორშაბათს კამპუსის შესასვლელში ორ ათეულამდე ადამიანი სკანდირებდა ლოზუნგს „მდინარიდან ზღვამდე პალესტინა თავისუფალი იქნება!“. შორიახლო საპროტესტო აქციას მართავდა ისრაელის მხარდამჭერი დემონსტრანტების ჯგუფი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კამპუსი უცხო პირთათვის ჩაიკეტა. სტუდენტებს უფლება მისცეს, კარვები და მაგიდები დაედგათ მხოლოდ ადმინისტრაციის ნებართვის საფუძველზე და მათ დისციპლინარული სასჯელით დაემუქრნენ წესების დარღვევისთვის.

პალესტინელთა მიმართ ჰარვარდის სტუდენტთა სოლიდარობის კომიტეტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა შეაჩერა მისი საქმიანობა. შეტყობინებაში, რომელიც სტუდენტურმა ორგანიზაციამ Associated Press-ს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ კომიტეტმა დაარღვია წესები და არ ესწრებოდა ტრენინგებს, მას შემდეგ, რაც მას საცდელი ვადა დაუნიშნეს. ჰარვარდის ხელმძღვანელობამ არ უპასუხა Associated Press-ის შეკითხვებს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვირას საღამოს ოცამდე სტუდენტმა დასცა ბანაკი. „უნივერსიტეტი [ღაზაში] ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებითაც კი არ გამოსულა, ეს კი ჩვენი მოთხოვნაა,“ აუხსნეს ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებმა.

ებრაელი სტუდენტების თქმით, ისრაელის კრიტიკა ხშირად გადადის ანტისემიტიზმში და ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ჰამასს დღემდე არ გაუთავისუფლებია მძევლები, რომლებიც ოქტომბერში აიყვანა.

საპროტესტო გამოსვლებმა სტუდენტების მრავალი კამპუსი მოიცვა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასი. მაშინ ტერორისტებმა დახოცეს 1200-ზე მეტი ადამიანი და 250-მდე მძევლად წაიყვანეს ღაზაში. ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზაში, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასის განადგურების მიზნით. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის არმიის იერიშის შედეგად ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზის სექტორში დაიღუპა 34 ათასი პალესტინელი - ძირითადად ქალები და ბავშვები.

XS
SM
MD
LG