სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სწავლობს

პოლიციის ლენტი - საილუსტრაციო ფოტო

სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ-არხებზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმება თავდასხმა.

ინფორმაცია ტელეგრამ-არხებზე რუსულ ენაზე ვრცელდება.

ერთ-ერთი სქრინი ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაციიდან

"პირდაპირ ვამბობთ, სად წავალთ... ამ სკოლებში ჩავცხრილავთ ბავშვებს. 20-ნი ვართ, პოლიციის არ გვეშინია. ვერ დაგვიჭერენ..."

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უწყება საქმის კურსშია, გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და მიმდინარეობს მუშაობა. "ამ დროისათვის აღმოჩენილი არაფერია", - გვეუბნებიან სუსში.

მათივე განცხადებით, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი, ყალბია.

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსშია განათლების სამინისტროც: „ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ“, - გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთ სკოლაში სწავლის გაუქმების შესახებ, რასაც ამ დროისათვის არ ადასტურებს განათლების სამინისტრო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მშობლებს სკოლების ადმინისტრაციებიდან აფრთხილებენ, რომ 22 აპრილს ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

ინფორმაცია, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლაში „ტერორისტული თავდასხმა“ იგეგმება, სოციალურ ქსელებში 21 აპრილს, საღამოს, გავრცელდა.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ზუსტად სამი თვის წინ გავრცელდა ბათუმშიც.

მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცრუ შეტყობინებები ეხებოდა ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს. არ დაკონკრეტებულა, სულ რამდენი შენობა შეამოწმეს.

2024 წლის 21 იანვარს, აჭარის ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ სამართალდამცველები, კინოლოგების ჩართვით, ამოწმებდნენ ბათუმის ყველა დიდ სავაჭრო ცენტრს: „ბათუმი პლაზას“, „ბათუმი მოლს“, „გრანდ მოლს“, „მეტრო სითის“ და „აგროჰაბს“. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცრუ შეტყობინებები უკავშირდებოდა ბათუმის ხუთ საჯარო სკოლასაც.

ასევე ნახეთ ბომბების ძებნა საქართველოში - რა დგას ცრუ შეტყობინების უკან?

ბათუმელები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პანიკის გამო მშობლებმა ბავშვები 22 იანვარს სკოლებში აღარ გაუშვეს.

* თავდაპირველად ახალი ამბის სათაური იყო "სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია" - თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სუსი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ამ ეტაპზე ყალბია 99%-ით, მეტი სიზუსტისთვის შეიცვალა სათაური.

ასევე ნახეთ რაიმე სახის ასაფეთქებელი აღმოჩენილი არ ყოფილა - სუსი სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე