ოპოზიცია ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

10 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციის სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შესწავლის მიზნით.

პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, თამარ კორძაიამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი არის კორუმპირებულობის სიმბოლო, სახე უკანონობის, თვითნებობის და ხალხის თანხების მითვისების. საქართველოს პარლამენტში ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ, რაც აწუხებს ხალხს - კორუფციაზე, საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამხელა ქონება? როგორ გამდიდრდნენ ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე? როგორ აფრენენ საკუთარ შვილებს უცხოეთში? რა ხარჯებით ცხოვრობს მათი შვილი ფილადელფიაში? - ეს მონაცემები საქართველოს მოსახლეობისთვის არის დამალული“.

ასევე ნახეთ "ჩარტერის სკანდალი": ოპოზიციაში ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვენ

როგორც კორძაიამ განმარტა, ოპოზიციას საკმარისი ხელმოწერები აქვს საკითხის ინიციირებისთვის.

საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი საქართველოს პარლამენტში. 10 აპრილი, 2024 წელი

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს (30 დეპუტატს).

პროცედურის მიხედვით, კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მაჯის საათები

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას კი პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე ნახეთ როგორ გააჩერა "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი საგამოძიებო კომისიის გამო

საპარლამენტო ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან ყველაზე ახლოს 2023 წლის აპრილში იყო. მათ ოპოზიციის 50 დეპუტატის მობილიზება შეძლეს სასამართლო სისტემაში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესწავლის მიზნით კომისიის შესაქმნელად.

2023 წლის 18-19 აპრილს უმრავლესობის დეპუტატებმა უარი თქვეს რეგისტრაციაზე, რომელიც კენჭისყრის წინ გასავლელი სავალდებულო პროცედურაა. კვორუმი ვერ შედგა და სხდომაზე კენჭი ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყარეს და ვეღარც რიგში მდგომ კანონპროექტებს.

ექსპერტებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლების ეს სვლა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს აზარალებს პარლამენტის საქმიანობას.