WP: აშშ რუსეთს აფრთხილებდა კონკრეტულად „კროკუს სიტი ჰოლზე“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომ მოსკოვში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ვაშინგტონის გაფრთხილება ზოგადი ხასიათის იყო.

გამოცემა Washington Post-ი შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი 6 მარტს გააფრთხილეს სწორედ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ ისლამისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.

გამოცემის თანახმად, გაფრთხილების კონკრეტული შინაარსი ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმის მზადებაში.

ასევე ნახეთ რას ერჩის რუსეთს დაჯგუფება "ხორასანი", რომელმაც მოსკოვის ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა?

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზზე 22 მარტს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა შეტყობინების დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ნარიშკინი ირწმუნებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მარტის დასაწყისში მიღებული ინფორმაცია ზოგადი იყო და იმ მომენტისთვის არ დადასტურდა.

გამოცემა Washington Post-ის წყაროთა თანახმად, 6 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ტერორისტების კიდევ ერთი პოტენციური სამიზნე მოსკოვის სინაგოგაა. მეორე დღეს, 7 მარტს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ აღკვეთა სინაგოგაზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმა.

ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს

მას შემდეგ, რაც 6 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არსებული საკომუნიკაციო არხებით რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, 7 მარტს საელჩომ მოსკოვში აშშ-ის მოქალაქეები საჯაროდაც გააფრთხილა, თავი აერიდებინათ დიდი შეკრებებისა და კონცერტებისთვის.

ამ გაფრთხილებაზე 19 მარტს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმამდე სამი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ილაპარაკა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე გამოსვლისას და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პროვოკაციული გაფრთხილება შანტაჟს ჰგავდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 144 ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

ასევე ნახეთ ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც "კროკუსის" საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, პოლიციაში გარდაიცვალა

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი დაუკავშიროს უკრაინას და „კიევის რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ისინი მოსკოვის მცდელობას პროპაგანდას და აბსურდს უწოდებენ.

ასევე ნახეთ ლავროვი „კროკუსზე" თავდასხმასთან უკრაინის კავშირს „საღი ლოგიკის" გამო ვერ გამორიცხავს
ასევე ნახეთ აშშ და ბრიტანეთი ტყუილს უწოდებენ რუსეთის განცხადებას ტერაქტთან მათი და უკრაინის კავშირის შესახებ