მან მოასწრო დაკავების შეტყობინება ნათესავებისთვის. როცა ორი საათის შემდეგ უსპანოვის ცოლი მივიდა პოლიციაში, მას უთხრეს, რომ მისი ქმარი მკვდარია.
ჩეჩნური არხის, 1ADAT-ის აზრით, რომელმაც პირველმა გააშუქა უსპანოვის საქმე, ის წამების შედეგად მოკვდა. არხი ირწმუნება, რომ უსპანოვს დამსხვრეული ჰქონდა ნეკნები და ხერხემალი, მის სხეულზე იყო მოგუდვისა და სისხლჩაქცევების კვალი.
1ADAT-ზე გამოქვეყნდა მორგში გადაღებული ვიდეო, რომელშიც უსპანოვის სხეული ჩანს ძალადობის ნიშნებით. ვიდეოს ავტორი იუწყება, რომ პოლიციაში უსპანოვის თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, რათა დაეფარათ დანაშაული. დაღუპულის დედამ „აგენტსტვოს“ უთხრა, რომ მისი შვილი თვითმკვლელობაზე არ წავიდოდა, ვინაიდან მუსლიმი იყო, ისლამი კი გმობს თვითმკვლელობას. უსპანოვის ოჯახი ასევე კატეგორიულად უარყოფს ტერაქტთან მისი კავშირის შესაძლებლობას.
მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის შემდეგ, რომელიც 22 მარტს მოხდა, რუსეთის ქალაქებში გახშირდა მიგრანტებისა და არასლავური გარეგნობის რუსეთის მოქალაქეების დაკავება. მიგრანტები ჩივიან ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლასა და ქსენოფობიაზე. მიგრანტებს სცემენ, მათ საცხოვრებელ ადგილებში უვარდებიან და რუსეთიდან აგდებენ.
„კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის ბრალდებით 23 მარტს დააკავეს ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე. სასამართლოში ისინი სასტიკად ნაცემ მდგომარეობაში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი მათგანი ნახევრად გულწასული მიიყვანეს ინვალიდის სავარძლით. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ აჭრიან ერთ-ერთ დაკავებულს ყურს.