28 მარტს, იმ დღეს, როდესაც 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა იყო დანიშნული, თბილისის ცენტრში, მაღაზიის ფასადებზე, სამშენებლო ღობეებსა და ფილარმონიის კედელზე ახალი წარწერები გაჩნდა - „იძებნება სამართალი“.
საღამოს, ამავე გზაზე ახალი წარწერები დაემატა - მოსამართლეებზე, სასამართლოს რეფორმის აუცილებლობაზე, სისტემაში არსებულ კორუფციაზე. წარწერებიდან ერთი მოქალაქეებს ახსენებდა, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება 9 დათქმის ერთ-ერთი კომპონენტია და მისი შესრულება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.
"საქართველოს მომავალი არ ექნება ამ სასამართლოს ხელში," "კორუმპირებული მოსამართლეებით სახლში ვერ დავბრუნდებით", "თუ პატიოსანია მოსამართლე, ამხელა ქონებას როგორ აგროვებს?", "ჩვენ გვყვავს ყველაზე მდიდარი მოსამართლეები არა გონებით, არამედ ქონებით", "მურუსიძის ჩახოხბილი ვჭამო?" - კითხვები და მოთხოვნები ერთმანეთის მონაცვლეობით იყო განთავსებული ქუჩებში.
თბილისის ცენტრში სასამართლოს შესახებ წარწერების პარალელურად ცხარე პოლიტიკური დებატებია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - ვეტინგზე.
ვინ გააკეთა თბილისის ქუჩებში წარწერები სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, კონკრეტული მოსამართლეების კორუმპირებულობაზე მინიშნებით, უცნობია. აქტივისტების ყველა გაერთიანება, რომელიც აქტიურია სასამართლო რეფორმის კუთხით ან ხშირად იყენებს ქუჩას, როგორც პროტესტის გამოხატვის სივრცეს, უარყოფს თავის კავშირს ამ წარწერებთან. კამპანიური ხასიათის წარწერების, როგორც "აღშფოთებული მოქალაქეების" ამოძახილის წარმოჩენას გაუმართლებლად მიიჩნევს ხელისუფლება.
"ეს აღშფოთებულმა ხალხმა კი არ გააკეთა, გააკეთა ქვეყნის და სასამართლოს წარმატებით შეშფოთებულმა ნაცმოძრაობამ", - უთხრა პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 31 მარტს, როცა მას თბილისის ქუჩებში გაკეთებული წარწერების შესახებ დაუსვეს კითხვა.
"მე ზოგადად მგონია, რომ ასეთი "დამპლური თამაშები" "ქოცების" მოფიქრებულია - პირველად მაგათ გააკრეს სისხლიანი ბანერები და მაგათ აგინებინეს ხალხს სხვადასხვა პოლიტიკოსები და მერე სხვამაც ისწავლა", - ამბობს პარტია "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მსგავსად ეჭვი ეპარება, რომ ამ წარწერების უკან რიგითი უკმაყოფილი მოქალაქეები იდგნენ.
თბილისის ქუჩებში გამოჩენილი წარწერების "მთავარი გმირი" სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძეა - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე გახმაურებულ საქმეებზე მისი გადაწყვეტილებების გამო. ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ 5 ქართველ მოსამართლეს შორის, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააკისრა 2023 წლის აპრილში.
წითელი საღებვებით შესრულებული ტექსტების უმეტესობა მათი გამოჩენიდან 5 დღეში თითქმის ყველგან წაშლილია. ზოგიერთ ადგილას, სადაც ჩანს გადაღებვის მცდელობა, ჯერაც შესაძლებელია გზავნილების წაკითხვა.
სასამართლოს შესახებ საჯარო სივრცეში განთავსებული ტექსტების ცენზურამდე თბილისს უკვე ჰქონდა პოლიტიკურ, ირონიულ თუ ცინიკურ გზავნილებთან ბრძოლის გამოცდილება. სწრაფად წაიშალა ან შეიცვალა ანტირუსული წარწერები, რომლებმაც ფაქტობრივად მოიცვა საქართველოს დედაქალაქი უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთის მოქალაქეების დიდი ტალღის მიგრაციის შემდეგ.
ასევე ნახეთ კონტროლი ქუჩაზე - როგორ ებრძვიან ანტირუსულ წარწერებს და პატრიოტულ ნახატებს თბილისშიქუჩაში გაკეთებული წარწერების გამო მსუყე ჯარიმებით არიან "დასჯილი" ის აქტივისტებიც, ვინც საკუთარი პროტესტის გამოსახატად ტოვებდა გზავნილებს და კითხვებს საჯარო სივრცეში.
ასევე ნახეთ “მეფე შიშველია” - ხელისუფლება ქუჩაში დატოვებულ პოლიტიკურ გზავნილებს ებრძვისკრიტიკულ ტექსტებთან ბრძოლის პარალელურად ხელშეუხებელია სიძულვილის შემცველი გზავნილები, მათ შორის - ჰომოფობიური და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი შინაარსით.