ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის ახალი შეტევა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, თუ თავდაცვას და სიტუაციის შენარჩუნებას სჭირდება პარიტეტი, კონტრშეტევას - სამხედრო ძალის უპირატესობა.

უკრაინა უახლოეს თვეებში უნდა მოემზადოს რუსეთის არმიის ახალი შეტევითი მოქმედებებისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მარტს ამერიკულ არხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთი ამზადებს კონტრშეტევებს, ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ამისთვის არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ, არა მხოლოდ სტაბილიზაცია მოვახდინოთ, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ძალიან ბედნიერები არიან, რომ სტაბილიზაცია (ფრონტზე სიტუაციის - რედ.) მოვახდინეთ. გვამხნევებენ: კარგია, თქვენ ძალა შეგწევთო. არა, ახლა დახმარება გვჭირდება შესაბამისი ბრიგადების მოსამზადებლად, რომლებსაც ჩვენი მიწისთვის ბრძოლა მოუწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის არმიის საჭიროებების შესახებ შეკითხვაზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეპირაპირების ხაზზე სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და არტილერია.

თებერვლის ბოლოს, Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები არ გაზრდიან უკრაინის მომარაგებას საბრძოლო მასალით.

უკრაინის სამხედრო უწყება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის.

ასევე ნახეთ

რუსეთი ქმნის 100 000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას მოსალოდნელი შეტევისთვის - გენერალი ალექსანდრ პავლიუკი

უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა 2024 წელს არა მხოლოდ აქტიურ თავდაცვაში მოქმედებას, არამედ ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს.

„რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან თუ შეძლებს - მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევა - რედ.), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ

უკრაინა არ ფიქრობს „სიღრმისეულ თავდაცვაზე“ გადასვლას