რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის, - ამის შესახებ 22 მარტს სატელევიზიო ტელემარათონში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ პავლიუკმა.
"სავარაუდოდ, ისინი (რუსეთის არმია - რედ. ) შეავსებენ თავიანთ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანობას კარგავენ. მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის მათ (რუსეთს) შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ძალები, რომლებიც ერთ-ერთი მიმართულებით შესაბამის შეტევით ოპერაციებს განახორციელებენ ", - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა.
პავლიუკს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მიმართულებაზე საუბრობდა, ამავე დროს, უკრაინელმა გენერალმა დარწმუნებით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს შეტევისთვის რესურსის დაგროვება.
"ჩვენ ვემზადებით სიტუაციის სხვადასხვა განვითარებისთვის", - განაცხადა პავლიუკმა.
მანამდე "ვიორსტკაზე" დაყრდნობით რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ბრძოლაში მყოფი დაჯგუფების გაძლიერებისა და ხარკოვის შესაძლო ოკუპაციის მიზნით, მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ „ვიორსტკას“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ განუცხადა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო მობილიზაციას შესაძლოა 300 ათასი ადამიანი დაექვემდებაროს.
რადიო თავისუფლებამ ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
თებერვლის ბოლოს, Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები არ გაზრდიან უკრაინის მომარაგებას საბრძოლო მასალით.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა 2024 წელს არა მხოლოდ აქტიურ თავდაცვაში მოქმედებას, არამედ ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს.
„რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევა - რედ.), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე.