პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ.
„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 26 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.
ასევე ნახეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური