ისრაელი დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას, გაათავისუფლოს დაახლოებით 700 პალესტინელი პატიმარი დაჯგუფება ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ. ამის შესახებ CNN-ის წყაროებმა და ისრაელის არაერთმა მედიასაშუალებამ განაცხადეს. რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-ში, ბრიტანეთსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული, ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებია.
ამ ინიციატივის ავტორია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი, რომელმაც ეს იდეა კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებების დროს წამოაყენა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ისრაელი და ჰამასი შუამავლების მეშვეობით რამდენიმე თვეა აწარმოებენ.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მძევლების გათავისუფლების შესახებ რადიკალური ჰამასის წინადადებები და მათ "აბსურდული" უწოდა.
ჰამასის მიმართ ისრაელის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნაა ისრაელზე თავდასხმის დღეს, 7 ოქტომბერს, ჯიჰადისტების მიერ დატყვევებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება. ჰამასი შეთანხმების წინაპირობად მიიჩნევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტასა და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.
წინა ზავის დროს, გასული წლის ნოემბრის ბოლოს, „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ციხეებიდან 250 პალესტინელი პატიმარი გაუშვა.
ასევე ნახეთ
ისრაელმა „ჰამასს“ ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. იერიშის შედეგად დაიღუპა 1200-მდე ისრაელელი და ჰამასმა მძევლად აიყვანა დაახლოებით 240 ადამიანი, რომლის ნაწილი გათავისუფლებულია, ნაწილი დაიღუპა დაუდგენელ ვითარებაში.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა მთელი რეგიონის ალყა და მასირებული საჰაერო იერიშები, როგორც ისრაელი აცხადებს, ჰამასის სრული განადგურების მიზნით. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები იტყობინებიან მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. რეგიონში შეზღუდულია ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, რადგან, საერთაშორისო მცდელობის და ისრაელზე ზეწოლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ცეცხლის დროებით შეწყვეტა.
ასევე ნახეთ
ისრაელის არმია ჰამასთან ბრძოლას აგრძელებს ღაზის ორ საავადმყოფოსთან