უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (გურ) უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცება, რომ მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ და რომ თითქოს უკრაინის მხარის მიერ საზღვარზე მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული.
გურ-ის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ პუტინის ვერსია „ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“.
ასევე ნახეთ პუტინი: ტერორისტები მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათ საზღვრის გადაკვეთაში უნდა დახმარებოდნენიუსოვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს საზღვრისპირა ტერიტორიები სავსეა „ჯარებით, სპეცაგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით,“ „საზღვრის ხაზი დანაღმულია, თვალთვალი ორივე მხრიდან მიმდინარეობს ყველა საშუალებით, მათ შორის საჰაერო დაზვერვით“.
იმის შესახებ, რომ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდამსხმელები თითქოს უკრაინაში მიემგზავრებოდნენ და ისინი უკრაინის საზღვრის შორიახლოს დააკავეს, ადრე ფსბ-მ განაცხადა.
ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის დაკავების ვიდეოს მიხედვით პროექტ GeoConfirmed-ის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ ვიდეო გადაღებულია ბრიანსკის ოლქში, უკრაინასთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე, საიდანაც უკრაინის საზღვარი 130 კილომეტრით არის დაშორებული.
ასევე ნახეთ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდატელეგრამის არხი Baza მანამდე იტყობინებოდა, რომ სავარაუდო ტერორისტების მანქანა დააკავეს სოფელ ტიოპლის მახლობლად, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის ბელარუსთან, ვიდრე უკრაინასთან. ითქვა, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილმა შეძლო მიმალვა, მაგრამ ისინი შემდეგ სრულიად სხვა ადგილას დააკავეს. მათი დაკავების ადგილს ოფიციალურად არ იტყობინებიან.
ხელისუფლების მხარდამჭერი ზოგიერთი ტელეგრამის არხი აქტიურად უჭერდა მხარს „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტთან უკრაინის სპეცსამსახურების კავშირს. კიევში ტერაქტთან კავშირს უარყოფენ.
უკანასკნელი მონაცემებით, საკონცერტო დარბაზში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 133 ადამიანი, ასამდე ადამიანი დაჭრილია. როგორც ვარაუდობენ, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის.