Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. მედია 180-ზე მეტ მსხვერპლზე წერს, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. 
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. მედია 180-ზე მეტ მსხვერპლზე წერს, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. 

მოსკოვის მახლობლად, „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 133-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. უწყებაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მანამდე ითქვა, რომ მოკლულია 115 ადამიანი.

წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის მიზეზი გახდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და წვის პროდუქტებით მოწამვლა.

მოსკოვის ოლქის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა სიას აქვეყნებს. მასში მოცემულია 40-ზე მეტი ადამიანის გვარები, სახელები, მამის სახელები და დაბადების თარიღები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. მედია 180-ზე მეტ მსხვერპლზე წერს, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იტყობინება ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულ 11 პირზე, მათ შორის ოთხი თავდასხმაში უშუალო მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ფსბ-ს ინფორმაციით, ისინი ბრიანსკის ოლქში დააკავეს.

ფსბ-ს განცხადების თანახმად, ტერორისტული თავდასხმა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, გამოყენებული იარაღი წინასწარ იყო მომზადებული სამალავში.

რუსული ტელეგრამის არხები წერენ, რომ ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ივანოვოსა და ტეიკოვოს საპარიკმახეროში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი თურქეთიდან ჩამოვიდა მარტის დასაწყისში. მას თითქოს ტელეგრამის მეშვეობით ნახევარი მილიონი რუბლი შესთავაზა მისთვის ცნობილი „მქადაგებლის თანაშემწემ“.

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დაკავებისას მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც ისინი თითქოს საზღვარზე უნდა გაეტარებინათ.

რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში სპონტანური მემორიალები ჩნდება „კროკუს სიტი ჰოლში“ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. მოსკოვში ხალხი რიგებში დგას დაჭრილებისთვის სისხლის ჩასაბარებლად.

XS
SM
MD
LG