მისი განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს შემოწმების ექსტრაორდინალური მექანიზმი. სტანო აღნიშნავს, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ექნება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას, ხოლო გადამოწმება უნდა შეეხოს სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნულ კანდიდატებსა და პირებს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებს.
"ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში თანამდებობის პირების კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემაში გადამოწმების პოტენციურ მექანიზმთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რჩება მჭიდრო დიალოგში ხელისუფლებასთან და მზადაა, მხარი დაუჭიროს "მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ".
განცხადებაში, ასევე წერია, რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ევროკომისიის ერთ-ერთი ძირეული რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ასევე ნახეთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა არ დაიხურება - 47 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს ასევე ნახეთ ყველაფერი ვეტინგზე: როგორ უნდა გაიწმინდოს სისტემა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან
19 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია“, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპებთან.
"ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად, ასეთი რამ შესაძლოა განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის, მოლდოვის საქმე იყო, მაგალითად, ამის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები, ამას აქვს მყარი საფუძველიც. მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში.
საქართველოში იცით, რომ 2012 წლის შემდგე გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
იმის დასადასტურებლად, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლო დამოუკიდებელია, პრემიერმა ახსენა წინა ხელისუფლების გამოცდილება და თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო გამოიყენებოდა, როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგმა“ „ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე“ 2024 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა სია იმ 57 მოსამართლისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 მოსამართლე წევრი, სხვადასხვა სასამართლოს 24 თავმჯდომარე და პალატების/კოლეგიების 3 თავმჯდომარე), რომლებსაც ე.წ. ვეტინგი უნდა შეეხოთ.
ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას.
ასევე ნახეთ „ვეტინგის“ მომხრე კოლეგებს მოწინააღმდეგე მოსამართლეები „არაკოლეგიალურებად“ მოიხსენიებენ