ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა.
ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინის მისალოც დეპეშას პუტინს გადასცემს მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის ელჩი.
კიმ ჩენ ინი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს. უკრაინის და მისი მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში იყენებს ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილ ბალისტიკურ რაკეტებს.
ასევე ნახეთ პესკოვმა გაამხილა პუტინის მიერ კიმ ჩენ ინისთვის ნაჩუქარი ავტომობილის მარკა
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმაც, რომელმაც ვლადიმირ პუტინის „დამაჯერებელ გამარჯვებას“ უწოდა მისი „პოლიტიკური ავტორიტეტის და რუსეთის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დასტური“.
პუტინს ხელახალი ვადით არჩევა მიულოცეს ჰონდურასის პრეზიდენტმა სიომარა კასტრომ, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს მადუროს სიტყვები, რომ „პუტინმა სრულად მოიგო ომი კოლექტიური დასავლეთის იმპერიასთან“.
ასევე ნახეთ რუსეთის საარჩევნო კომისიის დათვლით, პუტინი ხმების 87%-ით იმარჯვებსრუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15-17 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% მიიღო. ის მეხუთე ვადით ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
- რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
- პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
- 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
- ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.
- 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.