რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა. ეს კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ინფორმაცია, რომ პუტინმა კიმს „რუსული წარმოების პირადი მანქანა“ აჩუქა, დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე. ფხენიანს ავტომობილის მარკა და მოდელი არ დაუსახელებია.
2023 წლის სექტემბერში, რუსეთის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვლადიმირ პუტინი მივიდა რუსული წარმოების ავტომობილით Aurus-ი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მეთაურსაც დაათვალიერებინა. ამიტომ, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა ივარაუდეს, რომ პუტინმა კიმ ჩენ ინს ამ მარკის ავტომანქანა აჩუქა.
„დიახ, ეს Aurus-ია“, - უთხრა „ტასს“ პესკოვმა. მას მოდელი არ დაუკონკრეტებია. რუსული მედია ვარაუდობს, ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს ლიმუზინი Aurus Senat-ი აჩუქა. ამ მოდელის ავტომობილით გადაადგილდება თავად პუტინიც. ლიმუზინი 41 მილიონი რუბლი(დაახლოებით 440 ათასი დოლარი) ღირს.
ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი წლებია გადაადგილდება ლიმუზინით Mercedes-Maybach. 2019 წელს, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ვლადივოსტოკში ჩასული კიმ ჩენ ინისთვის ორი ჯავშნიანი Maybach-იც ჩაიტანეს, მისმა მწარმოებელმა კორპორაცია Daimler-მა განაცხადა, რომ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ავტომანქანები ფხენიანში, რადგან კორპორაცია ზედმიწევნით იცავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს.
ბოლო თვეებში არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტები გამოიყენა. მოსკოვი და ფხენიანი ამას უარყოფენ. ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა, ისევე, როგორც კიმ ჩენ ინისთვის ავტომანქანის ჩუქება არღვევს ბირთვული იარაღის შემუშავების გამო ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ სანქციებს, რომლებსაც თავის დროზე რუსეთიც შეუერთდა.