"ვინგრევით" - შუქრუთელები თავს მოტყუებულად გრძნობენ და პროტესტს აგრძელებენ

შუქრუთელების საპროტესტო აქცია

უკვე მეხუთე დღეა, ჭიათურაში ქუჩაში დგას სოფელ შუქრუთის მოსახლეობა და მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციასა და სოფლიდან გასახლებას მოითხოვს.

ხალხმა კოროხნალის მაღაროსთან კარავი გაშალა და პროტესტი ახლა იქ გრძელდება.

შუქრუთში მოქმედმა 14-მა მაღარომ სოლიდარობის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა მანამ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში კომპანია GM-ის მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად მათი სახლები დაინგრა და დაიბზარა, თუმცა მიყენებული ზიანი მათთვის არავის აუნაზღაურებია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დიდხანს ითმინეს და რომ ახლა აქციები უწყვეტი იქნება.

აქციის მონაწილეების თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ წლების წინ დაჰპირდა შესაბამის კომპენსაციას. მაშინ ამ დაპირების სანაცვლოდ შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პირობა არ შესრულებულა.

მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეების უმრავლესობას კომპენსაციები აღებული აქვს.

ასევე ნახეთ „ჯორჯიან მანგანეზს“ სამხარაულის ბიუროსთვის შიმშილობის აქციაში მონაწილე შუქრუთელების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს
ასევე ნახეთ მუქარა შუქრუთელებს - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება, ნარკოტიკების ჩადება