საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევს“ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული.
„ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო [აშშ-ში]“, - ეუბნება „მთავარს“ ანონიმური რესპონდენტი და ამატებს: „14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა ჩვენ, რომ ეს იყო მექსიკის პოლიციაში. როგორც ხდება, როცა აკავებენ ადამიანებს, ართმევენ ტელეფონს. ამ ბიჭმა მიწერა წუხელ ჩემს მეუღლეს, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფებაა. სარდაფში არის 120 კაცი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 30 კაცი არის ქართველი“.
ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.
ასევე ნახეთ
სახლის დატოვება იმედისა და ბედნიერების ძიებაში: ლტოლვილთა და მიგრანტების გამოცდილებაიკეტება თუ არა აშშ მიგრანტებისთვის - რა ვიცით ამ ეტაპზე?“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში