ომი. კონფლიქტი. კლიმატის ცვლილება. ეკონომიკა. დევნა. პოლიტიკა.
ძირეული მიზეზი უამრავია, მაგრამ საერთაშორისო მიგრაციის ტალღაში მოხვედრილ ათობით მილიონ ადამიანს ერთი რამ აქვთ საერთო: მათ იძულებით მიატოვეს სახლები, რათა ეპოვათ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი საერთაშორისო მიგრანტია; ყოველი მერვე აქედან - ბავშვია.
გამოდის, რომ მსოფლიო მოსახლეობის 3.6 პროცენტი სახლიდან იმედის ძიებაში აყრილა.
2023 წელს, სხვა კრიზისების პარალელურად, უკრაინელები ეძებდნენ ხსნას რუსეთის თავდასხმისაგან, რომელიც ისევ გრძელდება; ეთნიკური სომხები გარბოდნენ ყარაბაღიდან მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა არაღიარებულ რესპუბლიკაში აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი;
6 მილიონზე მეტი ავღანელი გახდა იძულებული გადასახლებულიყო ძალადობისა და სტიქიური უბედურებების შედეგად; ომი ღაზის სექტორში; და პაკისტანის გადაწყვეტილება ასეულობით ათასი ავღანელის დეპორტაციის შესახებ.
„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ორ თვეში 400 000-დან 375 000 ადამიანი გადავა [პაკისტანიდან ავღანეთში], ეს სრულიად დაუჯერებელია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იტაი ვირირიმ, გაეროს წარმომადგენელმა მიგრაციის საკითხებში. „მთავარი პრობლემა ისაა, რა დახმარება დახვდება იმ ხალხს, ვინც ბრუნდება“.
სადარმა, - ავღანეთიდან გამოძევების შემდეგ ის საზღვარზე, დროებით ბანაკში ცხოვრობს, - გასულ თვეს რადიო აზადის, რადიო თავისუფლების ავღანურ სერვისს უთხრა: „ ბევრი პრობლემა გვაქვს. არ გვაქვს ფული. არ გვაქვს ტუალეტები“.
სპეციალურ რეპორტაჟებში რადიო თავისუფლება
- ჰყვება ამბებს ავღანეთიდან, საიდანაც თალიბანის მოსვლის შემდეგ ათასობით ადამიანი ჯერ გარბოდა, შემდეგ კი იძულებით ბრუნდება.
- პოლონეთში ხვდება ავღანელ მიგრანტებს, რომლებიც თავს გარიყულებად გრძნობენ.
- აფხაზეთში ნახულობს მიტოვებულ სახლებს, რომლებსაც 30 წლის შემდეგაც პატრონები თვალდახუჭული ხატავენ.
- ელაპარაკება სამშობლოდან გადახვეწილ ემიგრანტებს და იკვლევს მათი სახლიდან წასვლის მიზეზებს.
- აღწერს ქართველი მიგრანტების სასიკვდილო გზას ირლანდიისკენ.
- ჰყვება სამი ქალის ისტორიას, რომლებმაც ევროპაში თავშესაფარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად მოითხოვეს.
- ელენასთან ერთად „ბრუნდება“ ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში, სადაც ათასობით უკრაინელი ლტოლვილი მოხვდა.
- სტუმრად მიდის სანატორიუმ „ქართლის“ ავარიულ შენობაში შესახლებულ დევნილებთან, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნების იმედს ნელ-ნელა კარგავენ.
- შეხვდა თბილისში გაქცეულ რუს აქტივისტებს, რომლებიც ეხმარებიან პოლიტპატიმრებს, უკრაინელ ლტოლვილებსა და ქართველ აქტივისტებს.
- ესაუბრება საქართველოში მცხოვრებ და ჩარჩენილ უკრაინელებს.
- ჩაიწერა უკრაინიდან ლტოლვილთა ხმები, რომლებიც თბილისის გარეუბანში ორსართულიან სასტუმროს შეეხიზნენ.
- ერთმანეთის პირისპირ დასხა საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეები და ადგილობრივები.
- გამოიკვლია, როგორ წააწყდნენ საქართველოში მცხოვრები უცხოელები კანის ფერის გამო დისკრიმინაციას ბინის ქირაობის პროცესში.
- შეხვდა და ესაუბრა ირანელ ქალებს, რომელნიც სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩნდნენ თბილისში და იმედით უყურებენ რევოლუციურ მოძრაობას სამშობლოში.
ავღანელების მასობრივი დეპორტაცია მეზობელი ქვეყნებიდან უკან, თალიბანის „ისლამურ საამიროში“
ირანი, პაკისტანი და თურქეთი, ამ ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ მილიონობით ავღანელს უკან სამშობლოში აბრუნებს. დეპორტაცია მათთვის, ვინც თანამშრომლობდა ავღანეთის ყოფილ მთავრობასთან, მათ შორის, სამხედრო პერსონალსა და პოლიციასთან, ნიშნავს დაპატიმრებას, იძულებით გაუჩინარებას ან სიკვდილს.
მომზადებულია აბუბაქალ სიდიყის, ჯავიდ ჰასანზადას, ხუჯასთა ქაბირისა და ფაიეზა იბრაჰიმის მასალების მიხედვით
დაბრუნება - როცა საკუთარ სახლს ვერ ცნობ
ეს ფილმი აფხაზეთიდან დევნილებზეა, რომლებიც ყოფილ სანატორიუმებში ცხოვრობენ. 30 წლის შემდეგაც ისინი ოცნებობენ დაბრუნდნენ სახლებში, რომელთა ყველა დეტალი ახსოვთ. ისინი საკუთარ სახლებს ფოტოებზე უყურებენ, მაგრამ ყოველთვის ვერ ცნობენ მათ, რადგან ომის შემდეგ სახლები დაინგრა, ადგილები კი გაუკაცრიელდა.
CurrentTimeDoc-ის დოკუმენტური ფილმი. რეჟისურა, კამერა, მონტაჟი: მარინა სიჩევა
ავღანელი მიგრანტები პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილებისგან განსხვავებით თავს გარიყულად და მიტოვებულად გრძნობენ
2021 წელს, როდესაც თალიბანმა ქაბული აიღო, პოლონეთში 1500-ზე მეტი ავღანელი ჩავიდა. ბევრი მათგანი ახლა ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის, რადგან სახელმწიფოსაგან დახმარებას ვეღარ იღებს. ავღანელები ამბობენ, რომ პოლონეთისთვის პრიორიტეტული 1,6 მილიონი უკრაინელის დახმარებაა, რომლებიც ქვეყანაში 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ჩავიდნენ.
ავტორები: ნილ ბოდლერი და „როიტერსი“
გაქცევა ავღანეთიდან
ამ ფილმის ერთ-ერთი გმირი ენდრიუ ნორთი, ინტერვიუს ჩაწერიდან გამოქვეყნებამდე, მოასწრებს ავღანეთში ჩაფრენას, თალიბანის ტყვეობაში მოხვედრას და ტყვეობიდან თავის დახსნასაც. ეს არის ამბავი კაცებზე, რომლებიც ტირიან დაკარგულ ქვეყანაზე, შავ ბურკებში გადამალულ ქალიშვილებზე, ქალ კოლეგებსა და იძულებით მოშვებულ წვერზე.
თალიბანის ახალი წესრიგის დამყარებიდან დღემდე ავღანეთში 230-ზე მეტი მედიაორგანიზაცია დაიხურა და ათასობით ჟურნალისტი სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგა. ბაშირ ანსარი ცნობილი ავღანელი ჟურნალისტია. ის თალიბანის რეჟიმს ცოლთან და შვიდ შვილთან ერთად გამოექცა. ბაშირის რეისით ავღანეთიდან წამოვიდა ჰომაიონ ნაზარიც. ოჯახმა მთელი ქონება ორ პატარა ჩემოდანში ჩაატია.
როგორ შეხვდნენ ავღანელი ჟურნალისტები ბრიტანელ კოლეგას თბილისში, მაშინ როცა ისინი ავღანეთიდან გამორბოდნენ, ენდრიუ ნორთი კი ქაბულში მიფრინავდა.
ავტორი: სოფიკო ვასაძე
დახმარება სომეხ დევნილებს
2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 1 ოქტომბრისთვის ქვეყანაში მთიანი ყარაბაღიდან 100 514 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა. დევნილებისთვის მთიანი ყარაბაღიდან დახმარებას თბილისშიც აგროვებდნენ.
ავტორები: ნინო თარხნიშვილი, ილია რატიანი
„ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ“ - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი. ეს იმდენივეა, რაც ორი ქალაქის - ზუგდიდისა და გორის მოსახლეობა ერთად. 2012-დან 2022 წლის ჩათვლით კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა 244 966 მოქალაქე. პანდემიის შემდეგ საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი გადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, ვიდრე უკან ბრუნდება ემიგრაციიდან.
ამ სტატიაში, ემიგრანტების ისტორიების და სტატისტიკის დახმარებით იხატება სურათი, როგორ იცვლებოდა წლებთან ერთად ქართველი მიგრანტების დანიშნულების ადგილები და მიზეზები, რის გამოც საქართველოს ტოვებდნენ.
ავტორი: ნასტასია არაბული
კატათაგვობანას თამაში სიკვდილის გზაზე - ქართველი მიგრანტების ისტორიები ირლანდიიდან
ირლანდიაში თავშესაფარს, 2023 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 3680 მოქალაქე ითხოვს. ეს ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტების საერთო რაოდენობის 15%-ია - ბოლო ერთი წელია თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოდან წასულები ყველას სჭარბობენ, უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისეთი ქვეყნების მოქალაქეებიც კი, სადაც ომი მძვინვარებს ან უკიდურესი სიღარიბეა.
ავტორი: ნასტასია არაბული
უკანასკნელი შანსი სიცოცხლის გადასარჩენად: სამი ოჯახის ისტორია
რატომ იზიდავს ევროპა ქართველებს? მუშაობის შესაძლებლობა, ღირსეული ანაზღაურება, უფასო და ხარისხიანი ჯანდაცვა თუ დაცულობის შეგრძნება მიზეზების მხოლოდ ერთი ნაწილია. სხვები გაურბიან ჩაგვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო და ოჯახში ძალადობას. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი სამშობლოს საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად ტოვებს.
ავტორი: თორნიკე მანდარია, ილუსტრაციები ეკუთვნის ანა ჯიბლაძეს
ფილტრაცია რუსულად
ათასობით უკრაინელი ლტოლვილი მოხვდა ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში, სადაც ხშირად უხეში და დამამცირებელი მეთოდებით დაკითხეს, შემდეგ კი რუსეთში გადასვლა აიძულეს.
„ვხედავდი, როგორც სცემდნენ კაცს. სულ სისხლიანი იყო. იატაკზე იწვა და ხელკეტებს და ფეხებს ურტყამდნენ...“ - ჰყვება ელენა, რომელმაც საქართველოში გაქცევა მოახერხა.
ავტორები: თორნიკე მანდარია, დათო ქორიძე, თომა ბეგიაშვილი. ილუსტრაციები შექმნა ანა ჯიბლაძემ მონათხრობის მიხედვით.
სანატორიუმი „ქართლი“
ეს არის ფილმი ყოფილ სანატორიუმ „ქართლზე“ და მასში მცხოვრებ ადამიანებზე. გემის ფორმის ავარიული შენობა თბილისის ზღვას გადაჰყურებს. დევნილები, რომელიც 30 წელია აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან, ჰყვებიან, რა პირობებში ცხოვრობენ ახლა და იხსენებენ წარსულს.
ავტორები: დავით გურგენიძე, მირიან შენგელია
„ამხანაგები“ რუსეთიდან, რომლებიც ქართველ დემონსტრანტებს ეხმარებოდნენ
სივრცე „ანტიზონა“ თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსმა აქტივისტებმა გახსნეს. ისინი აგროვებენ ფულს რუსი პოლიტპატიმრებისა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის. მარტის დასაწყისში კი გამოვიდნენ რუსთაველზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
ავტორი: სანდრო გვინდაძე
უკრაინა საქართველოში
საქართველოში მცხოვრები და ჩარჩენილი უკრაინელები. კატერინა ჰუმანიტარულ დახმარებებს აგროვებს და სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის საკუთარ თანამემამულეებს; ნატალია თბილისიდან გულშემატკივრობს უკრაინაში ომის დროს წასულ რომას; დიმა და სოფია, რომლებიც ორი კვირის წინ ტურისტებად ჩამოვიდნენ, ცდილობენ დრო უქმად არ დაკარგონ და საკუთარ თავს თავად მიხედონ. როგორ უყურებენ უკრაინელები ომს საქართველოდან?
ავტორები: დავით გურგენიძე, მირიან შენგელია
ლტოლვილად ქცეულთა ხმა
მუხათგვერდის სასაფლაოსთან არმისული, ხელმარჯვნივ, ასი ათასი მოწამის ქუჩაზე, ორსართულიანი სასტუმრო დგას. ამ სასტუმროში 81 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. მათგან 27 ბავშვია. სასტუმროში ცხოვრობენ ისეთებიც, რომლებსაც სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაცია სჭირდებათ. მას შემდეგ, რაც პირველი აგვისტოდან დასრულდა უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, უკრაინელ ლტოლვილებს მოხალისეები ეხმარებიან, თანხას აგროვებენ და ასე ცდილობენ უზრუნველყონ ისინი საკვებითა და თავშესაფრით.
300-ლარიანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ლტოლვილებს დაჰპირდა, ჯერჯერობით, არ აუღიათ. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. როგორ ცხოვრობენ, რა ენატრებათ და რას აპირებენ უკრაინელები, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს.
ავტორები: ნინო თარხნიშვილი, დათო ქორიძე
რუსები და ქართველები ერთმანეთის შესახებ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს რუსეთის მოქალაქეთა ტალღა მოაწყდა. ნაწილმა თბილისი უკვე დატოვა, ნაწილი კი ისევ აქ ცხოვრობს.
სტუდიაში მოვიწვიეთ აქ საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეები და ადგილობრივები. მათ 14 შეკითხვით მივმართეთ და შევეცადეთ გაგვეგო, რას ფიქრობენ ერთმანეთზე, როგორ აფასებენ ამა თუ იმ მოვლენას და რამდენად სწორად ესმით ერთმანეთის.
ავტორები: ანასტასია სლოვინსკაია და თომა ბეგიაშვილი
„ინდოელებზე არ ვაქირავებ, უცხოელებზე კი“ - როცა ბინას კანის ფერის გამო ვერ ქირაობ
„ინდოელებზე, არაბებზე არ ვაქირავებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისში ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ, რომელსაც ვუთხარით, რომ ბინას ინდოელი მეგობრისთვის ვეძებდით. ბინის კიდევ ერთ მფლობელი გვეუბნება უარს ირანელი მეგობრისთვის და აზუსტებს, რომ „ირანელები არ უნდა“.
უცხოელებზე თუ აქირავებთ ბინას? - ამ კითხვით თბილისში ბინის 10 მეპატრონეს დავურეკეთ. 6 მათგანი ინდოელებზე, ირანელებსა და არაბებზე მიქირავების წინააღმდეგი იყო.
ამ სტატიაში საქართველოში მცხოვრები უცხოელები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ წააწყდნენ დისკრიმინაციას ბინის ქირაობის პროცესში.
ავტორი: ლანა კოკაია
გაბრაზებული ქალები ირანიდან
„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“ - ასი დღეა, ყველაზე ხანგრძლივი ანტისამთავრობო პროტესტი არყევს ირანის რეჟიმს, თუმცა დიდ ფასად.
500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 69 ბავშვი, მოკლეს დემონსტრაციების დროს, მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი დაიღუპა. ორი მომიტინგე უკვე დასაჯეს სიკვდილით, სულ მცირე, კიდევ 26-ს იგივე ბედი ემუქრება.
ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები ადრეც უნახავს ირანს, თუმცა ეს საპროტესტო ტალღა უნიკალურია, რადგან გააერთიანა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, და იმით, რომ წამყვანი როლი აქვთ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მკაცრი რელიგიური წესების წინააღმდეგ იბრძვიან.
ირანელები არიან იმიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი საქართველოში, სადაც მათ უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. რადიო თავისუფლება ესაუბრა ქალებს, რომელნიც სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩნდნენ თბილისში და იმედით უყურებენ რევოლუციურ მოძრაობას სამშობლოში.
ავტორები: თორნიკე მანდარია და დათო ქორიძე
შინ - უცხოეთში
ამ პოდკასტების სერიაში საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით
გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძეს უყვებიან საკუთარ ამბებს
ჰყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია, რამ მიატოვებინა
სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა. ეს ისტორიები შეიძლება ერთმანეთს ჩამოჰგავს, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, ისევე როგორც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ადამიანები.
ავტორი: ოქროპირ რუხაძე