საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-სგან ვიზაზე უარი საქართველოს ხელისუფლების ცილისწამების კამპანიის გამო მიიღო. ვიზაზე უარის შესახებ რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელმა ამ საკითხზე განმარტება გაავრცელა.
„ეს [კეზერაშვილის მიმართ ბრალდებები] არის პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის გაჩუმებაა...
მას შემდეგ, რაც ევროპაში ამოწურეს სასამართლოები და მართლმსაჯულების ორგანოები, რომლებიც მათ მოუსმენდნენ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცილისწამების კამპანია ახლა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიმართა“, - წერია დავით კეზერაშვილის წარმომადგენლის სახელით „ფორმულაზე“ გავრცელებულ კომენტარში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დრომდე „ყველა სასამართლომ ევროპაში, რომელმაც განიხილა ეს ბრალდებები, დაინახა მათი ნამდვილი ხასიათი“.
12 მარტს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას შეეხებოდა. სარჩელით ირკვეოდა, რომ 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აშშ-სგან ვიზაზე უარი მიიღო.
კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავით მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
ვიზის გაცემაზე უარის საფუძველი გახდა აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო. კონკრეტულად ეს მუხლი ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.
ასევე ნახეთ კეზერაშვილს აშშ-მა ვიზა არ მისცა - მან სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლააშშ-ის ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის (2023 წლის ივლისი) უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე "ბიბისის" გამოძიებაზე, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.
„BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან“, - დაწერა კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში გაგზავნილ საჩივარში, რომელშიც ის ფაქტების უარყოფას მოითხოვდა.
ასევე ნახეთ კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა