რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, ერთ-ერთი „უკრაინული“ დრონი შეეჯახა მრავალბინიან სახლს, აფეთქების შედეგად დაზიანებულია ფასადი და სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები. გლადკოვის ცნობითვე, მსხვერპლი არ არის.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ბელგოროდის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ დრონით შეტევა იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაზეც, რომლის ფასადი და ფანჯრები დაზიანებულია. ამ წყაროს თანახმად, არავინ დაშავებულა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ გლადკოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პროხოროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშიც, სადაც ორი სახლი და ავტომობილი დაზიანდა. ქალაქ ბელგოროდზე დრონებით შეტევა იყო 12 მარტსაც. დაზიანდა მერიის შენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს, 13 მარტს, დაახლოებით 09:30 საათისთვის ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ კიდევ 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ვორონეჟის ოლქში - 6.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ღამის განმავლობაში და გამთენიისას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით სხვადასხვა რეგიონში „გაანადგურეს“ 58 „უკრაინული“ დრონი: ბელგოროდში - 11, ბრიანსკში - 8, ვორონეჟში - 29, კურსკში - 8, ლენინგრადის ოლქში - 1 და რიაზანში - 1.
თავდაცვის სამინისტროს ამ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის კიდევ ერთი, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ქალაქ ნოვოშახტინსკთან ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი და შედეგები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
დილით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო რიაზანის ოლქში.
ასევე ნახეთ რუსეთში დრონებით შეტევა იყო კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეუკრაინის თავდაცვის სამინისტროს რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ზოგადად, კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.