არახამია კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პირობებს ასახელებს

დავით არახამია, უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება საქართველოს მთავრობის 11 მარტის განცხადებას, რომელიც ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას ეხება და კიევის თბილისთან ურთიერთობის დარეგულირების სამ პირობას ასახელებს.

არახამიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები და „შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში“. ამასთან, არახამია საქართველოს ხელისუფლებას „პროკრემლისტურს“ უწოდებს.

ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით არახამიას უპასუხეს

მანამდე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინამ სააკაშვილის ხელისუფლების თანამდებობის პირები ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე თბილისს უნდა გადმოსცეს. ამასთან, საქართველოს მთავრობამ მიუთითა უკრაინის ხელისუფლების რიგ "არამეგობრულ" ნაბიჯზე. მათ შორის საქართველოდან ელჩის გაწვევაზე. "უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა", - წერია მთავრობის 11 მარტის განცხადებაში, რომლის თანახმადაც, "უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს“.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა".

ასევე ნახეთ საქართველოს მთავრობა უკრაინას ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის გადაცემას სთხოვს

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გუშინ, 11 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს.

ასევე ნახეთ საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის დაკავების მიზნით ბელგიასა და გერმანიას მიმართა