საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესცენტრიდან მიაწოდეს.
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა", - აცხადებს პროკურატურა.
მანამდე საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემა მოსთხოვა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი უკავია.
ასევე ნახეთ ევროკავშირის წარმომადგენლობა კოპმანთან შეხვედრის „სხვაგვარად წარმოჩენას" დეზინფორმაციას უწოდებს5 მარტს უკრაინის გენერალური პროკურორი შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს. შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილი.
ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში.
ადეიშვილი ასევე ესწრებოდა ბერლინში გერმანიის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებს.
ასევე ნახეთ გერმანიის საელჩო განმარტავს ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის მიზეზს11 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე „ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო“.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავედ ცნობილი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობა „სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას“.
ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. ის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიიდან 2015 წელს ამოიღო. ადეიშვილს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ადეიშვილმა 2021 წლის 4 მარტს თავად მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.