ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რომ თუ გვერდით დაუდგებიან, უკრაინა პუტინის შეჩერებას შეძლებს

7 მარტს, აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვის პირველივე წუთებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ილაპარაკა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას და გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვის პირველივე წუთებში ილაპარაკა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ სურს კონგრესი გამოაფხიზლოს და ამერიკელი ხალხი გააფრთხილოს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება.

„თუ ვინმეს ამ დარბაზში ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ ამას არ გააკეთებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ითხოვს არა ამერიკელი ჯარისკაცებით დახმარებას, არამედ იარაღს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და თუ გვერდით დაუდგებიან და საჭირო იარაღით უზრუნველყოფენ, უკრაინას პუტინის შეჩერება შეუძლია. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, აშშ დარტყმის ქვეშ ვერ დააყენებს მთელ ევროპას.

ასევე ნახეთ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია

კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.

სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.