გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისევ განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას გადასცეს ფრთოსანი რაკეტები Taurus-ი, რადგან მათ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. ამჯერად, შოლცმა კონკრეტულად მოსკოვი ახსენა.
სააგენტო dpa-ს ცნობით, 29 თებერვალს დრეზდენში მყოფმა შოლცმა განაცხადა, რომ Taurus-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ სამიზნეებამდე მოსკოვშიც მიაღწიოს.
ფედერალური კანცლერის თქმით, ამ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნებოდა გერმანელების მონაწილეობაც, რაც გამორიცხულია.
ასევე ნახეთ კულება: ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდებაოლაფ შოლცმა ადრეც განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა ომის ესკალაციას გამოიწვევს, რადგან რაკეტას შეუძლია რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს. ამ ფრთოსან რაკეტებს გერმანულ-შვედური კომპანია Taurus Systems-ი აწარმოებს.
უკრაინა მუდმივად აცხადებს, რომ ძლიერი, თანამედროვე იარაღი მხოლოდ თავისი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას გაუწევს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას.