ლაზარე გრიგორიადისის პროცესი, რომელიც მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო, 28 მარტს დაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისი საკუთარ სასამართლო პროცესზე. 15 იანვარი, 2024 წელი

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 მარტს დაინიშნა - ინფორმაციას ადვოკატებზე დაყრდნობით ბრალდებულის ოჯახი ავრცელებს. საქალაქო სასამართლოს პროცესების განრიგში ზვიად შარაძის არცერთი მიმდინარე საქმე არ იძებნება 29 თებერვლის დღის 12 საათისთვის.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოულოდნელად გადაიდო მოსამართლე ზვიად შარაძის შვებულებაში გასვლის გამო. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 15 იანვარს გაიმართა.

დასკვნითი სხდომის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასრულებული იქნება. მოსამართლეს შეუძლია განაჩენი ან იმავე სხდომაზე გამოაცხადოს, ან სათათბიროდ გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ერთი წელია გრძელდება - მას წინასწარი პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გრიგორიადისის დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს. პროცესის დასაჩქარებლად, 2023 წლის დეკემბერში მათ უდავოდ გახადეს პროკურატურის 10-ზე მეტი მოწმის ჩვენებები, 15 იანვარს კი უარი თქვეს სასამართლოში საკუთარი მოწმეების გამოკითხვაზეც.

ასევე ნახეთ გადაპარსული თმა, შიმშილობა, გაჭიანურებული პროცესი, ხელისუფლების თავდასხმები - როგორია ლაზარეს პატიმრობა

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება - ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

ასევე ნახეთ ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან: საბოლოო ჯამში, მჩაგვრელთა მჩაგვრელი ვარ