ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების აღმოჩენას. დახმარებას მიემხრო 536 დეპუტატი, 40 წინააღმდეგი იყო, 39-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ამას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
ევროკავშირის ლიდერები 1 თებერვალს შეთანხმდნენ უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების გამოყოფაზე, მას შემდეგ, რაც გადალახეს უნგრეთის ხანგრძლივი წინააღმდეგობა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის შემდეგ ამერიკიდან - კიევი გაჭიანურებულ დახმარებას ელოდებაევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 თებერვალს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ დახმარების პირველი ტრანში უკვე მარტში გაიგზავნება. მას თანხის ზუსტი მოცულობა არ დაუსახელებია.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ადრე იტყობინებოდა, რომ ევროკავშირისგან მარტში ოთხ-ნახევარი მილიარდი ევროს მიღებას იმედოვნებს.
გასულ კვირაში ბრიუსელმა მოიწონა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი, რომელიც ომის დაწყების მეორე წლისთავს დაამთხვიეს. უნგრეთი დათანხმდა მის მიღებას და განაცხადა, რომ განხილვის ეტაპზე მისი შენიშვნები გაითვალისწინეს.