“ლაგუნა ვერესთან” ესტაკადის გარშემო საცობების კვანძის გახსნა და გზის სავალი ნაწილის გაფართოება მუნიციპალიტეტს რამდენიმე მილიონი ლარი უჯდება.
ასევე ნახეთ როგორ შეაფასეს "ვისოლის", "ლუკოილისა" და "გალფის" ავტოსადგურების ქონება "ლაგუნა ვერესთან"“სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა”, - თქვა კახა კალაძემ 14 თებერვალს თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ასევე ნახეთ გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გაგანიერდება - ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენგმირთა მოედანი დედაქალაქის სხვადასხვა უბნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი არტერიაა: აქ ერთმანეთს გვერდს უქცევს სადგურის მოედნიდან, სანაპიროდან, საბურთალოდან, ვაკიდან და ვერიდან წამოსული სატრანსპორტო ნაკადები.
როგორც წესი, თითქმის დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია “აბრეშუმის ფაბრიკის” დასაწყისიდან სანაპირომდე მიმავალი გზის მონაკვეთზე. სწორედ ამ ადგილზეა სამი ბენზინგასამართი სადგური და ტექნიკური მომსახურების ერთსართულიანი შენობა. ამ მონაკვეთს ტროტუარი არ მიუყვება.
სამი ბენზინგასამართი კომპანია - “ვისოლი”, “ლუკოილი” და “გალფი” გმირთა მოედანთან ქონების დათმობის სანაცვლოდ მიიღებენ იმავე ფასის შესაბამის მიწას ქალაქის სხვა უბანში.
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი კომპანიების მიწისა და შენობის ფასი მერიამ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დაადგენინა. ექსპერტიზამ ჯამში 1035 კვადრატული მეტრი მიწა მასზე განთავსებული 148 კვადრატული მეტრი ნაგებობებით 7,2 მილიონ ლარად შეაფასა. საშუალოდ, 1 კვ.მ მიწის ფასი 7 ათას ლარამდე გამოდის.
სანაცვლოდ “ლუკოილი” (10,3-ჯერ მეტ) და “გალფი” (6,4-ჯერ მეტ) მიწებს მიიღებენ ე.წ. გლდანის ხიდებთან ახალი ბენზინგასამართი სადგურების ასაშენებლად - ამ ადგილზე ექსპერტიზამ 1 კვ.მ მიწა 931 ლარად შეაფასა. 239 ლარი კი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ფასია - ეს ადგილი (13 467 კვ.მ) “ვისოლს” უნდა გადასცენ - კომპანია იქ კერძო სახლების აშენებას გეგმავს.
"ეს არის ურთიერთმოლაპარაკების შედეგი, განხილული იქნა არაერთი მიწის ნაკვეთი, როგორც ჩვენი შეთავაზებული, ასევე მათი მოძიებული, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება შედგა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე“, - ამბობს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ირაკლი თავართქილაძე.
გმირთა მოედანზე საცობის პრობლემის მოგვარებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს, მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში დავით ნარმანიამ დაიწყო. ის ამბობდა, რომ 2015 წლიდან “ლაგუნა ვერეს” გასწვრივ სამანქანო ტრასა გაფართოვდებოდა.
“პროექტზე რამდენიმე წლის წინაც დავიწყეთ მუშაობა, თუმცა შეთანხმება ბენზინგასამართი სადგურების მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდა. შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი”, - ეს უკვე მოქმედი მერის, კახა კალაძის გაცხადებაა 10 წლის შემდეგ.
თბილისის მთავრობის ხდომაზე 14 თებერვალს მან წამოჭრა ეს საკითხი, რაც მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას პირველი ვადით არჩევიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის ივნისში უთხრა:
“[გმირთა მოედანზე] პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო”.
დედაქალაქის სხვადასხვა უბნის დამაკავშირებელ მთავარ კვანძში რომ პრობლემებია, ამაზე საუბარია “ლაგუნა ვერესთან” ცათამბჯენების მშენებელი კომპანიის მიერ მომზადებულ “განაშენიანების რეგულირების გეგმაშიც”. გეგმა თბილისის საკრებულომ გასული წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცა.
ასევე ნახეთ წინასაახალწლო "საჩუქარი" - ცათამბჯენები თბილისის წინააღმდეგ
“ტერიტორიის ჩრდილოეთის საზღვართან ფიქსირდება ამ ადგილისთვის შეუსაბამო ავტოგასამართი სადგურები. ორივე ავტოგასამართი [ამ შემთხვევაში იგულისხმება “ლუკოილი” და “გალფი”], მასში მიმდინარე მომსახურეობის პროცესებიდან გამომდინარე, მხოლოდ აფერხებს გზაზე მანქანების თავისუფალ გადაადგილებას”, - წერია გრგ-ში.
ცათამბჯენების მშენებლობის დაწყება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ უფრო გადატვირთავს.
გზის გაგანიერების პროექტის დაწყება მას შემდეგ, რაც “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ორი ცათამბჯენის აშენების უფლება მიიღო, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ეჭვებს უჩენს. ანა გოგოლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ სატრანსპორტო კვანძის პრობლემის მოგვარება ინვესტორის პირდაპირი ინტერესია და მუნიციპალიტეტს რესურსი არ უნდა დაეხარჯა.
“როდესაც ქალაქი თმობს და მიდის ამხელა კომპრომისზე მშენებელის სასარგებლოდ, სადაც თბილისელების ინტერესები დაჩაგრულია, მაშინ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების, გზის გაგანიერების ვალდებულება ინვესტორს უნდა აჰკიდო… იმისთვის, რომ ახლა მშენებელს დამატებითი ხარჯი არ წარმოეშვას, მერია ბიუჯეტის ხარჯზე უკეთებს საჩუქრად”, - ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი.
ასევე ნახეთ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს
ბენზინგასამართი სადგურების აღების შემდეგ მერიას სულ მცირე 10 მეტრი სიგანის მიწა ექნება საავტომობილო გზის გასაგანიერებლად და აქამდე გაუქმებული ტროტუარების მოსაწყობად. ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად მერია უნდა შეუთანხმდეს კიდევ ორ ადამიანს, რომლებსაც ჯამში 75 კვადრატული მიწა ეკუთვნით ზუსტად იმ ადგილის წინ, სადაც ცათამბჯენების აშენება იგეგმება.