დაკავებულია პირი, ვის გამოც ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნეს - სუსი

15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის რეისი დაგვიანებით შესრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს ადამიანი, რომლის ცრუ შეტყობინების გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი. ცრუ შეტყობინებისთვის დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავიაკომპანია "ვიზეარის" ცხელ ხაზზე ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე შეტყობინება 14 თებერვალს შევიდა. სუსის ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქეა.

"აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ", - აღნიშნავენ სუსში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება).

ასევე ნახეთ „მაისურით ვარ, ჩანთა და აპარატურა ბორტზე დამატოვებინეს“ - რას ჰყვებიან მობრუნებული თვითმფრინავის მგზავრები

14 თებერვალს 12:45 საათზე ქუთაისის აეროპორტიდან აფრენილი Wizz Air-ის ბორტი, პილოტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.

ასევე ნახეთ ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს

მოგვიანებით ქუთაისის აეროპორტის განცხადებით გაირკვა, რომ "მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ".

ასევე ნახეთ ცნობილია მიზეზი, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნეს

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ Wizz Air-ის ბორტსა და მგზავრებს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ შეტყობინება არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

ასევე ნახეთ Wizz Air-ის ბორტზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა - აეროპორტში სუსმა და შსს-მ მუშაობა დაასრულეს

ქუთაისი-ბარსელონის რეისი იმავე დღეს, დაახლოებით 6-საათიანი დაგვიანებით შესრულდა.