ცესკოში ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის პოზიცია უქმდება - ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 9 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, 81 ხმით (7 წინააღმდეგი) მიიღო. კანონპროექტის თანახმად, უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ეს პოსტი ამჟამად „ლელოს“ წევრს, გიორგი სიორიძეს უკავია. ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი ხელმძღვანელის მოვალეობას, ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის ნაცვლად, ცესკოს მდივანი შეასრულებს.

პროექტი ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებასაც ითვალისწინებს: პირველ ეტაპზე, წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობა (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კვლავ ანალოგიური პრინციპით გაიმართება კენჭისყრა. საბოლოოდ თუ პარლამენტი ვერ შეძლებს წევრის/თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცესკოს წევრები 76 ხმით აირჩევიან. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განმარტა, კანონპროექტი პირველ ეტაპზე ოპოზიციასთან კანდიდატურებზე შეთანხმების შესაძლებლობას ტოვებს.

ცესკოს წევრების/თავმჯდომარის არჩევის შემოთავაზებული წესი არის გასული წლის ივნისში მიღებული იმ ცვლილების გამოსწორების მცდელობა, რომლებიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა, რადგან 2023 წლის შესწორებით შეიცვალა ჩანაწერი, რომელიც 2021 წლის 19 აპრილს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეფუძნებოდა. მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ მისი ანულირება მოახდინა.

„ზაფხულში მივიღეთ ცვლილებები, რომელიც განპირობებული იყო იმით, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ ცესკოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შეიყვანა. ცვლილებებით, პარლამენტში გადაინაცვლა შერჩევის პროცესმა, - თქვა გივი მიქანაძემ და დაამატა, - შემდგომ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის რეკომენდაცია იყო, რომ მიღებულ კანონთან მიმართებაში გარკვეული ცვლილებები შესულიყო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ და უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი მეხუთედით დაგვეწყო პროცედურა“.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის უარყოფით შეფასებას, მიქანაძემ განაცხადა: „დეკემბერში ვენეციის კომისიიდან მოსულ დასკვნაში ვნახეთ, რომ ის დაცლილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციისგან“.

ევროკომისიის ცხრა ნაბიჯი

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, უზრუნველყოფს თუ არა ახალი ცვლილებები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯით" გათვალისწინებული პირობის შესრულებას. „ევროკავშირის მოთხოვნას ეს ცვლილება აკმაყოფილებს თუ არა? ევროკავშირმა გვითხრა, რომ მათი მოთხოვნაა ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნის შესრულება", - მიმართა მომხსენებელს „ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას.

ოპოზიციას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა. მისი შეფასებით, „ვენეციის კომისიამ ნამდვილად პოლიტიკური რეკომენდაცია გასცა და მას არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს... აშკარად შეცდომა არის დაშვებული". დეპუტატის თქმით, გასული წლის ზაფხულში კანონმდებლობა იმის გამო შეიცვალა, რომ საქართველოში არ იმუშავა მიღებულმა წესმა.

გივი მიქანაძის შეფასებით, აბსოლუტურად არასწორია აღქმები, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის შიდა რეკომენდაციის შესრულებას. „ევროკავშირისთვის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. როგორი დაკომპლექტებული ადმინისტრაციით მოხდება ეს, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარია, თითოეული ხმა იყოს დაცული", - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ "ცხრა ნაბიჯი", "სამუშაო ჯგუფი" და საარჩევნო ცვლილებების ბედი

ევროკომისიის მიერ საქართველოს წინაშე წარდგენილ „ცხრა ნაბიჯში" არჩევნების საკითხზე ვკითხულობთ: „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;

საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა".

„ლელოს" პროტესტი

ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ" განსაკუთრებით გააპროტესტა ოპოზიციის კვოტით დანიშნული მოადგილის თანამდებობის გაუქმების შესახებ ჩანაწერი კანონპროექტში. ამ საკითხის შესახებ დეკემბერში გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისია წერდა: „პროექტიდან ამოღებულ იქნეს დებულება, რომლითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა".

ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა 2023 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილებებიც და აღნიშნა: „ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტს გადაეცეს".

ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე მიმართა: „თქვენ აიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ ნაგვის ყუთში. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკომისია იტყვის, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ამ რეკომენდაციის ჩაგდება იქნება თქვენი პასუხისმგებლობა“. დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სამართლიანი თამაშის წესების.

კანონპროექტი შეაფასა გიორგი სიორიძემ: „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე ევროპელი პარტნიორებისთვის".

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს

2023 წლის ივნისში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მანამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა კონკურსს და ქმნიდა კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი წარუდგენდა პარლამენტს.

ცვლილებების შედეგად, პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. ივნისის ცვლილებებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად საჭირო გახდა 76 ხმა, რამაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, გააუქმა კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება და გაზარდა პოლარიზაციის რისკი.

„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია კი მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. ამის გამო მეორე ეტაპზე „ქართული ოცნება" თავმჯდომარეს ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმით) ირჩევდა და ის თანამდებობას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით იკავებდა.