რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შემთხვევის ადგილი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შსს-ს თანახმად, რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია.

შემთხვევა დილის საათებში ბაზრის აგროგანყოფილებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული თავადაც ბაზარში მუშაობდა.

შსს-ს ცნობით, მოკლულებს შორის ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი - ბიძაშვილი.

ასევე ნახეთ შსს: რუსთავის ბაზარში სროლისას ოთხი ადამიანია მოკლული

კლინიკა "რუსთავის" ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, დაჭრილი 26 წლის კაცია. იგი კლინიკაში შეიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით.

"პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. საფანტით მიყენებული ჭრილობებია. პაციენტს უტარდება ლაბორატორიული კვლევები, რჩება კლინიკაში", - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.