ირაკლი კობახიძის პრემიერობით მთავრობას 8 თებერვალს დაამტკიცებენ

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების დღეს

საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება. ბიურომ დღის წესრიგი 2 თბერვალს დაამტკიცა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში 5 თებერვალს 10 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 6 და 7 თებერვალსაც. 7 თებერვალს მოუსმენენ მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებიც.

​კენჭისყრის დღეს, 8 თებერვალს დილით კი, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ექნებათ შეხვედრა. პლენარული სხდომა მოგვიანებით, 12:00 საათზე გაიხსნება, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები და ბოლოს კენჭისყრა.

ასევე ნახეთ "მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა" - კობახიძის სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა "იმედმაც".

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა

1 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის დასახელებულ კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მხარი დაუჭირა. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

ახალ მინისტრთა კაბინეტში (ბიოგრაფიები) მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება - ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი იმუშავებს.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე "ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.