Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა" - კობახიძის სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა


ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. ის "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გუშინ, 1 თებერვალს დაასახელა.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. ის "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად გუშინ, 1 თებერვალს დაასახელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა. დოკუმენტი იწყება სიტყვებით, რომლის მიხედვითაც "მიზანი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაა".

სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ჰქვია.

"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს განვითარება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, სერიოზული გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე უწევდა. ბოლო წლებში გამოწვევები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზარდა და გამძაფრდა. ამ ფონზე, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, თითოეული ოჯახის დაცულობა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - წერია დოკუმენტში.

საგარეო პოლიტიკა

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მთავარ ამოცანად რჩება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამავდროულად, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების კუთხით ქვეყნის როლის გაზრდა.

"გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას".

ეკონომიკური განვითარება

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მომავალი მთავრობა გეგმავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას.

"ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის".

სოციალური პოლიტიკა

მთავრობა გეგმავს გაიზარდოს ჯანდაცვის პროგრამის არეალი და ეტაპობრივად მოიცვას დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე პროცესი. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

"პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს".

სახელმწიფო მმართველობა

პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იქნება დეცენტრალიზაციის დამტკიცებული პოლიტიკის წარმატებით გატარება.

დოკუმენტში რამდენიმეგანაა ნახსენები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები:

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გააქტიურება პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულებაა".

სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტს "ქართულმა ოცნებამ" დღეს, 2 თებერვალს წარუდგინა. უკვე გაწერილია მთავრობის დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურებიც. ამ დროის მონაცემებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

XS
SM
MD
LG